თვითმკვლელობა

თამაშმა, რომელიც თვითმკვლელობით სრულდება, სავარაუდოდ საქართველოშიც შემოაღწია

Reuters

12 წლის გოგონა მეხუთე სართულიდან გადახტა, ის საავადმყოფოში სხეულის მრავლობითი დაზიანებით წევს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მან საავადმყოფიში მიყვანის შემდეგ თქვა, რომ ის მიცემულ დავალებებს ასრულებდა. როგორც ირკვევა მოზარდს გადახტომამდე ჯერ-ჯერობით დაუდგენელი პირები ინტერნეტით ეკონტაქტებოდნენ. შსს მომხდარს სწავლობს.

ინტერნეტ თამაში, რომლის სახელსაც ტაბულა არ ასახელებს პირველად 2013 წელს ერთ-ერთ რუსულ სოციალურ ქსელში გამოჩნდა. თამაში შედგება მოთამაშეებისა და კურატორებისგან, რომლებიც დავალებებს გასცემენ და თამაშში ახალი მონაწილეები შეჰყავთ. კურატორები მონაწილეებს დავალებებს აძლევენ, დავალებები შეიძლება იყოს ნებისმიერი ტიპის, თუმცა, ისინი თანდათანობით რთულდება და ზოგიერთ მოთამაშეს მასზე დამოკიდებულება უყალიბდება. 30-40 დავალება ხშირ შემთხვევაში თვითდაზიანებაა, ბოლო, 50-ე დავალება კი ზოგჯერ თვითმკვლელობაა.

თამაშს ყველაზე მეტი მსხვერპლი რუსეთში ჰყავს, Novaya Gazeta-ს ინფორმაციით ამ თამაშს 100-ზე მეტი თვითმკვლელობა მოჰყვა. RT-ის ინფორმაციით კი რუსეთი ამ და მსგავსი თამაშების წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს. ცვლილებებს დუმამ მხარი 26 მაისს დაუჭირა. თამაშს მსხვერპლი მოჰყვა კენიაში, პორტუგალიასა და სხვა ქვეყნებშიც. ABC-ის ინფორმაციით, 2017 წლის 25 მაისს არიზონას შტატის ქალაქ ფენიქსის სკოლებმა, ერთ-ერთი მოსწავლის მიერ თვითდაზიანების მიყენების შემდეგ, თამაშის მზარდ საფრთხესთან დაკავშირებით მშობლების ინფორმირება დაიწყეს. 

თამაში ნებისმიერი სოციალური ქსელის მეშვეობით შეიძლება წარიმართოს. მოთამაშეს Facebook-ის ან სხვა ნებისმიერი სოციალური ქსელის მეშვეობით შეიძლება დაუკავშირდეს კურატორი და თამაში შესთავაზოს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით, პირის თვითმკველობამდე ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანა ისჯება ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

კომენტარები