ე.წ. ციანიდის საქმე

ომბუდსმენი: იმედია, შემდეგ სხდომამდე სასამართლო კანონს კარგად გაეცნობა

უჩა ნანუაშვილი

ე.წ ციანიდის საქმის არსებით განხილვაზე საქართველოს სახალხო დამცველი არ დაუშვეს. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველის შესახებ კანონი დაირღვა. 

"დაველოდები შემდეგ პროცესს. ასეთი დაპირება მივიღე, რომ რაღაც საფუძველი სასამართლომ უნდა ნახოს, რადგან ერთგვარი კაზუსია კანონში. სახალხო დამცველის კანონი არის ორგანული კანონი და სრული უფლება მაქვს, დავესწრო პროცესს. ხოლო სასამართლო ხელმძღვანელობს საპროცესო კოდექსით, შესაბამისად, მათ გარკვეული დრო დასჭირდებათ, რომ გარეშე პირის დახურულ სხდომაზე დასწრების საფუძველი მონახონ" - თქვა ნანუაშვილმა და აღნიშნა, რომ სასამართლოსთვის მოულოდნელობა იყო მისი პროცესზე მისვლა.

"აქამდე, პრეცედენტი არ ყოფილა, რომ სახალხო დამცველი პირადად მისულიყო დახურულ სხდომაზე" - განაცხადა ომბუდსმენმა. მისი თქმით, მოსამართლეს პრეცედენტის დაშვება გაუჭირდა.

"სახალხო დამცველის კანონი დარღვეულია. იმედს ვიტოვებ, შემდეგ სხდომამდე სახალხო დამცველის შესახებ კანონს კარგად გაეცნობიან და იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება. სახალხო დამცველს სრული უფლება აქვს, დაესწროს ნებისმიერ პროცესს" - ამბობს ნანუაშვილი.

ე.წ ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო, საქმის არსებითი განხილვა 9 ივნისს გაგრძელდება. პროცესის გადადების მიზეზი საქმეში ახალი ადვოკატების ჩართვა გახდა. ბრალდებულმა გიორგი მამალაძემ სახაზინო ადვოკატების დამატება მოითხოვა, ადვოკატებმა კი საქმის მასალების გასაცნობად დრო ითხოვეს. ორ სახაზინო ადვოკატთან ერთად მამალაძეს ძველი ადვოკატებიც დაიცავენ.

საქმეზე სასამართლო სხდომები დახურული იქნება, რადგან მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა პროცესის დახურვასთან დაკავშირებით. დღევანდელ პროცესზე მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვებით უნდა წარმდგარიყვნენ. 

კომენტარები