კანონპროექტით, უცხოელს მიწის შესაძენად ბიუროკრატიული ლაბირინთის გავლა მოუწევს

REUTERS

პარლამენტში შევიდა სასოფლო სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი, რომელიც უცხოელებს საქართველოში მიწების შეძენაზე რიგ რეგულაციებს უწესებს.

უცხოელმა იმისთვის, რათა სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელი გახდეს, სხვადასხვა საჯარო უწყებიდან მრავალი ტიპის ცნობები და ნებართვები, ბიზნესგეგმები და საგადასახადო დოკუმენტაციები უნდა წარადგინოს. თუ უცხოელი მაინც მოიპოვებს მიწის შეძენის უფლებას მას 100 ჰექტარზე დიდი ფართობის მიწის შეძენა ეკრძალება, საქართველოს საზღვრიდან 10 კილომეტრში კი მას მიწის შეძენა მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევაში შეეძლება.

მოთხოვნები, რაც უცხოელმა მიწის შეძენისთვის უნდა დააკმაყოფილოს:

  • უცხოელმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა წარუდგინოს საინვესტიციო გეგმა და მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ იგი ნამდვილად ფლობს საინვესტიციო გეგმის მიხედვით განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობის შესაბამის მატერიალურ რესურსებს.
  • წარადგინოს ხელშეკრულება, რომელიც ადასტურებს უცხოელის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით სარგებლობას არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში
  • წარადგინოს ცნობა სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან, რომელიც ადასტურებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ქონების გადასახადის გადახდის ფაქტს არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში.
  • უნდა ჰქონდეს საინვესტიციო ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა
  • უცხოელის მიერ მიწის შეძენა უნდა იყოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესის ნაწილი.
  • თუ სოფლის მეურნეობის სამინისტრო დასაბუთებულად მიიჩნევს მოთხოვნას და ადასტურებს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების არსებობას, ის მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენით დაინტერესებული პირის საქართველოს ტერიტორიაზე აგრარულ სექტორში საქმიანობის ჯამში არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილების დასადასტურებლად და მისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვების თაობაზე რეკომენდაციის გასაცემად.
  • თუ მუნიციპალიტეტის საკრებულო დადებით რეკომენდაციას არ გასცემს სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენით დაინტერესებულ პირზე, სოფლის მეურნეობის სამინისტრო უარს ეტყვის დაინტერესებულ პირს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვებაზე
  • თუ მუნიციპალიტეტის საკრებულო დადებით რეკომენდაციას გასცემს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენით დაინტერესებულ პირზე, ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართავს
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუნიციპალიტეტის დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში მიწის შეძენის განაცხადს, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად გადაუგზავნის საქართველოს მთავრობას, მთავრობის სხდომაზე განსახილველად.
  • საქართველოს მთავრობა თითოეულ შემთხვევაში მთავრობის სხდომაზე მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას გასხვისდეს თუ არა მიწის ნაკვეთი.
  • თუ პირმა მოიპოვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება, თუმცა, განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ვეღარ აკმაყოფილებს აღნიშნული კატეგორიის მიწის საკუთრებისათვის კანონით განსაზღვრულ პირობებს, ის ვალდებულია საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების არსებობისათვის აუცილებელი პირობის დარღვევიდან 1 წლის ვადაში გაასხვისოს სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე საკუთრების შეძენის უფლებამოსილების მქონე პირზე.
  • საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს, რომელთა საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტი წილის/აქციების მფლობელები არიან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან/და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ იურიდიულ პირი, რომლის კაპიტალის 50%-ზე მეტი წილის/აქციის მფლობელს ერთად ან/და ჯამურად წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილი იურიდიული პირი ან/და საქართველოში რეგისტრირებული მისი ფილიალი, ასევე უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილი იურიდიული პირის ან/და საქართველოში რეგისტრირებული მისი ფილიალი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, როგორც მიწის, ასევე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის, რომლის საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, წილის/აქციების გირაოს/იპოთეკის სახით მიღების უფლება უნარჩუნდებათ იმ დათქმით, რომ ამ ქონების დასაკუთრების შემთხვევაში ისინი ვალდებულნი იქნებიან დასაკუთრებიდან ერთი წლის განმავლობაში გაასხვისონ გირაოში დარჩენილი ქონება უფლებამოსილ პირზე.
  • წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ვადის ამოწურვიდან ერთ თვეში მათ წერილობით უნდა მიმართონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა სახელმწიფომ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული პროცედურისა და ვადის დაცვით, სამინისტროს მიერ დადგენილი ფასის მიხედვით უზრუნველყოფს შესაბამისი პირისათვის მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლა
  • იმ შემთხვევაში, თუ არ შესრულდება კანონით განსაზღვრულ ვადაში სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების ვალდებულება ან/და უფლებამოსილი ორგანოსთვის ცნობილი გახდება ამ გარემოების შესახებ, იგი პირადად ან შესაბამისი ვადის ამოწურვიდან ერთ თვეში მესაკუთრე წერილობით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა სახელმწიფომ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული პროცედურისა და ვადის დაცვით, სამინისტროს მიერ დადგენილი ფასის მიხედვით უზრუნველყოფს შესაბამისი პირისათვის მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლა
  • დაუშვებელია, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ, რომლის საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, წილის/აქციების გასხვისება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის კაპიტალის 50%-ზე მეტი წილის/აქციის მფლობელს ერთად ან/და ჯამურად წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილი იურიდიული პირი ან/და საქართველოში რეგისტრირებული მისი ფილიალი, ასევე უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილ იურიდიული პირზე ან/და საქართველოში რეგისტრირებულ მისი ფილიალზე, თუ გარიგების შედეგად, იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტი, ერთად ან/და ჯამურად, გადადის ზემოხსენებული, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირ(ებ)ის ან/და იურიდიულ პირ(ებ)ის საკუთრებაში.
  • დაუშვებელია, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ, რომლის საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, აქციების/აქციებში კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდების იმ რაოდენობით საჯარო შეთავაზება, რომლის შედეგად შესაძლოა იურიდიული პირის აქციათა/აქციებში კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდების 50%-ზე მეტის მესაკუთრე (მფლობელი) გახდეს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობით შექმნილი იურიდიული პირი ან/და საქართველოში რეგისტრირებული მისი ფილიალი.
  • შესაძენი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობი არ უნდა იყოს 5 ჰექტარზე ნაკლები, ხოლო ჯამში შემძენის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან ნაკვეთების ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 100 ჰექტარს.
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია მიწის მფლობელი გახდეს თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არის მისი საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ან საქართველოს მოქალაქის ან მოქალაქეების მონაწილეობით არსებული კომლის წევრობის შედეგად მოპოვებული თანასაკუთრების ობიექტი. განქორწინების/კომლიდან გასვლის შემთხვევაში უცხოელი ინარჩუნებს წილს თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე, თუ ის აკმაყოფილებს უცხოელის მიმართ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებისთვის ამავე კანონით განსაზღვრულ პირობებს.
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია მიწის მფლობელი გახდეს თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მიღებული აქვს მემკვიდრეობის გზით.
  • იმ შემთხვევაში თუ სასოფლო სამეურნეო მიწა საზღვრიდან 10 კილომეტრში მდებარეობს, აგრეთვე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სასაზღვრო ზონასთან მდებარეობს მისთვის მიწის მიყიდვა მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში მოხდება.

კანონპროექტის ინიციატორი ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით, 22 ქართული ოცნების დეპუტატია.

2013 წლის 28 ივნისს ქართული ოცნების უმრავლესობამ "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის შედეგადაც, უცხოელს საქართველოს ტერიტორიაზე მიწის შესყიდვა 2014 წლის 31 დეკემბრამდე აეკრძალა. ანუ, სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელის მიერ შესყიდვაზე ე.წ. მორატორიუმი გამოცხადდა. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო და ის გააუქმა.

ქართული ოცნების მიერ მომზადებული კონსტიტუციის პროექტში (PDF დოკუმენტი) მიწის შესახებ ჩანაწაწერი ასეთია:

მუხლი 19

"მიწაზე, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლებას აწესრიგებს ორგანული კანონი"- სწორედ ამ კანონის ინიცირება მოახდინა ქართულმა ოცნებამ.

კომენტარები