ტურიზმი

ტურისტულ ადგილებში კვების ობიექტების კონტროლი მკაცრდება

ტურიზმის ადმინისტრაცია

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურისტულ ადგილებში კვების ობიექტების კონტროლი მკაცრდება. შესაბამისი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გააფორმეს.

"ტურისტებით დატვირთულ ადგილებში კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლი აქტიურდება. მემორანდუმის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო განსაკუთრებით გაააქტიურებს საზოგადოებრივი კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლს ტურისტებით დატვირთულ ადგილებში; მომზადდება და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში განთავსდება საინფორმაციო მასალები, სადაც მითითებული იქნება სურსათის ეროვნული სააგენტოს საკონტაქტო ინფორმაცია" - აცხადებს ტურიზმის ადმინისტრაცია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის თქმით, მემორანდუმის მიზანია, ერთობლივი მუშაობით ადგილობრივი მომხმარებლის და ტურისტების ინტერესების დაცვა.

"ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, განსაკუთრებით იზრდება ვიზიტორთა რაოდენობა საზოგადოებრივი კვების ობიექტებში. სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად გააკონტროლებს, რამდენადაა დაცული სურსათის უვნებლობის სტანდარტები საზოგადოებრივი კვების ობიექტებში“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოს ტურისტული ადგილების ჩამონათვალს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიაწვდის. სწორედ ამ ადგილებში გამკაცრდება კონტროლი.

"მნიშვნელოვანია, რომ ტურისტების გაზრდილ ნაკადებს ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ. ამ მიმართულებით კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სარესტორნო ქსელი და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა. ჩვენ მივაწოდებთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ჩამონათვალს, თუ რომელი ადგილებია ყველაზე მეტად ტურისტებით დატვირთული და სწორედ იქ გააქტიურდება კონტროლი“- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ. 

კომენტარები