აფგან მუხთარლი

პრემიერი: მუხთარლი საქართველოს აზერბაიჯანისთვის არ გადაუცია

facebook.com/KvirikashviliOfficial

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით ყველას მოუწოდა, თავი შეიკავონ წინასწარი დასკვნებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისგან. კვირიკაშვილის თქმით, მუხთარლი საქართველოს აზერბაიჯანისთვის არ გადაუცია.

"ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, წინასწარი დასკვნებისგან, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისგან თავი შევიკავოთ. მესმის ძალიან კარგად ჩვენი მოქალაქეების და ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო სექტორის წუხილი, თუმცა, მინდა, აქვე ვთქვა, რომ წინასწარი დასკვნების გაკეთება არის მიუღებელი. მით უმეტეს მიუღებელია, სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე მომუშავე და მზრუნავი ინსტიტუტების დისკრედიტაცია. გამოძიება მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, კავშირი გვაქვს აზერბაიჯანელ კოლეგებთან და ჩემი მოწოდება იქნება, რომ გამოძიების დასრულებამდე წინასწარი დასკვნებისგან თავი შევიკავოთ", - თქვა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

კვირიკაშვილი ამბობს, სპეკულაციაა განცხადებები, თითქოს მუხთარლის აზერბაიჯანისთვის გადაცემა მოხდა და გამორიცხავს ქართული მხარის ამაში მონაწილეობას.

"თუ ჩვენ შევუწყვეთ ხელი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებას, ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების რეალურად დაცვა. ნდობა, ჩვენს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის არის ის, რაზეც ემყარება ნამდვილად დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა, ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, წინასწარი დასკვნებისგან, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისგან თავი შევიკავოთ. სამართალდამცავებს რა თქმა უნდა, მოვუწოდებ, მაქსიმალურად მოკლე ვადაში გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ეს საკითხი იყოს გამოძიებული და ჩვენს ქვეყანაში არავის გაუჩნდეს ეჭვი იმაზე, რომ ადამიანის უფლებები არის დაცული და რაიმე ისეთი ხდება, რაზეც მიმდინარეობს ამ ორი დღის განმავლობაში სპეკულაციები - თითქოს გადაცემა მოხდა და ა.შ. ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი და რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ რამე ამდაგვარში ჩართული. გამოძიება მიმდინარეობს და დაველოდოთ გამოძიების დასკვნებს", - თქვა კვირიკაშვილმა.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხტარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხტარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხტარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხტარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხტარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. აღსანიშნავია, რომ გამოძიება საქართველოშიცაა დაწყებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით.

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხტარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები