აფგან მუხთარლის გატაცება

აბაშიშვილი: უმძიმესი ფაქტია, როდესაც ადამიანს აქრობენ ქვეყნიდან

0 კომენტარი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლისთან დაკავშირებით ამბობს, რომ ქვეყნიდან ადამიანის გაქრობა უკიდურესად შემაშფოთებელია და კითხვებს პასუხი შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა უსწრაფესად უნდა გასცენ.

"ჟურნალისტის ადვოკატის მიერ გაკეთებული განცხადებები არის უკიდურესად შემაშფოთებელი და დამაფიქრებელი. ცხადია, უმძიმესი ფაქტია, როდესაც ხდება ადამიანის გაქრობა ქვეყნიდან და ამ შემთხვევაში საზღვრის ტიპს აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა. ეს ძალიან სერიოზული გამოწვევა და დარტყმაა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე. ბუნებრივია, ქვეყანაში, რომელსაც აქვს ამბიცია და რეალურად არის კიდეც ადამიანის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის მიმართულებით რეგიონში ლიდერი ქვეყანა, არ უნდა ჩნდებოდეს ასეთი ტიპის კითხვები, თუმცა, კითხვების გაჩენისგან დაზღვეულები არ ვართ. ასეთი ტიპის კითხვები უკვე არსებობს. უსწრაფესად უნდა გაეცეს მათ პასუხი შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში იგულისხმება უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურები", - ამბობს აბაშიშვილი.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხტარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხტარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხტარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხტარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხტარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. აღსანიშნავია, რომ გამოძიება საქართველოშიცაა დაწყებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით.

აფგან მუხთარლის აზერბაიჯანულმა სასამართლომ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხტარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები