თარგამაძე: აფგან მუხთარლი სოსო გოგაშვილის პირადი გარანტიით წაიყვანეს აზერბაიჯანში

ტაბულა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი გივი თარგამაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. თარგამაძე ამ საქმეში ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის მონაწილეობაზე საუბრობს.

"სარწმუნო ინფორმაცია, რომელიც ამ დროისათვის გვაქვს - დაიწყო ყველაფერი იქიდან, რომ უჩა მამაცაშვილის პარტნიორმა აზერბაიჯანული მხარიდან, რომელსაც ბოლო დროს აქვს პრობლემები საერთაშორისო სამართალთან და ემუქრება დაკავებული პოზიციებიდან გაწევა, ჩათვალა, რომ ასეთი საქციელით გაუკეთებდა საჩუქარს ხელმძღვანელობას და სთხოვა უჩა მამაცაშვილს დახმარება, რომ ეს ჟურნალისტი რამენაირად გადაეყვანათ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

უჩა მამაცაშვილმა, ვინაიდან არ სურს პარტნიორის ცვლილება, მისი ნდობით აღჭურვილი პირი შეახვედრა სუს-ის უფროსს, ბატონ ვახტანგ გომელაურს. თავის მხრივ, გომელაურმა შეხვედრაზე დაისწრო მისი მოადგილე სოსო გოგაშვილი. საბოლოო ჯამში, ამ საქმის ხელმძღვანელობა ჩაბარდა სოსო გოგაშვილს, უშუალოდ ოპერაცია შეასრულა სუს-ის სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელმა ბატონმა ზურა ხარაზიშვილმა, იგივე ხარებამ ორ სპეცრაზმელთან ერთად. მათ ეცვათ კრიმინალური პოლიციის ფორმა. როგორც კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა შეაჩერეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, დააკავეს და განათავსეს მანქანაში.

ამის შემდეგ ისინი მოძრაობდნენ სხვადასხვა მიმართულებით, სამჯერ მოუხდათ მიმართულების შეცვლა. ამ ადამიანის გადაყვანას ჯერ აპირებდნენ გარეჯის მხრიდან - ეს არ გამოუვიდათ, შემდეგ შეიცვალეს მიმართულება და წავიდნენ იორმუღანლოსკენ, სადაც ასევე ვერ მოახერხეს გადაყვანა, გზაში გაარკვიეს, რომ პასპორტი არ ჰქონდა თან და ესეც პრობლემა იყო. შემდეგ ეს ადამიანი, რომელსაც აქვს დიაბეტი, ცუდად გახდა - ესეც პრობლემა იყო. საბოლოო ჯამში, სოსო გოგაშვილის პირადი გარანტიით, ის გადაიყვანეს დედოფლისწყაროდან იმ მწვანე ზოლით, რომელსაც ახლა ასახელებენ", - ყვება თარგამაძე.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხტარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხტარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხტარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხტარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხტარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. აღსანიშნავია, რომ გამოძიება საქართველოშიცაა დაწყებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით.

აფგან მუხთარლის აზერბაიჯანულმა სასამართლომ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხტარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები