აზერბაიჯანის პროკურატურა: მუხთარლი პოლიციელებს ძალადობრივ წინააღმდეგობას უწევდა

ru.apa.az

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ჟურნალისტ აფგან მუხთარლის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან მუხთარლი, დაბადებული 1974 წელს, 2017 წლის 29 მაისს, დაახლოებით 22:40 საათზე დააკავეს, მას შემდეგ რაც, მათი თქმით, მან უკანონოდ და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე საქართველოდან გადმოკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი. მათი განცხადებით, მუხთარლი გაქცევას ცდილობდა და სასაზღვრო პოლიციის ბრძანებას არ ემორჩილებოდა. განცხადებაში, ასევე, წერენ, რომ მან სამართლადამცველებს დაკავებისას ძალადობრივი წინააღმდეგობა გაუწია, რომელიც სამართალდამცავების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხისშემცველი იყო. 

პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკის დროს მუხთარლის 10 000 ევროს ოდენობის თანხა აღმოაჩნდა. ამასთან, საქართველოს ბანკის ექსპრეს ბარათი და სხვა ნივთები, რომელიც გამოძიებისას ნივთმტკიცებად გამოიყენება. 

30 მაისს მას ბრალი წარედგინა 318.1 მუხლით, რაც გულისხმობს აზერბაიჯანის საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და 206.1-ით, რაც გულისხმობს კონტრაბანდას. 

31 მაისს მას ბრალი კიდევ ერთი მუხლით, 315.2-ით წარუდგინეს, რაც გულისხმობს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ძალადობრივი წინააღმდეგობის გაწევას. ის 3-თვიანი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს.

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები