საარჩევნო სისტემა

ექსკლუზივი: ვენეციის კომისია შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემას იწუნებს

ვენეციის კომისია აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემას, რომლის მიხედვით გაუნაწილებელი მანდატები სრულად გამარჯვებულ პარტიას უნდა ერგოს. ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა ტაბულას წყარომ მიაწოდა.

ვენეციის კომისია სთავაზობს საქართველოს ხელისუფლებას, იფიქროს მანდატების განაწილების სხვა შესაძლებლობებზე:

"საქართველო ცენტრალიზებული ქვეყანაა, რომელსაც ამ ეტაპზე აქვს ერთპალატიანი პარლამენტი. მას არ აქვს სასამართლო დამოუკიდებლობის ხანგრძლივი ტრადიცია. ასეთ ვითარებაში, არსებობს საპარლამენტო უმრავლესობის დომინირების რისკი. მომავალში მას უნდა ჰქონდეს შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმი, მაგალითად, მეორე პალატის შექმნა, რათა გაძლიერდეს პარლამენტში ოპოზიციის როლი.

ეჭვგარეშეა, რომ ამჟამინდელი პროპორციულ/მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მხოლოდ პროპორციულით ჩანაცვლება პოზიტიური ნაბიჯია პარლამენტში პლურალიზმის გასაზრდელად. თუმცა, ეს პოზიტიური ნაბიჯი იზღუდება სამი მექანიზმით: 5%-იანი ბარიერი შენარჩუნებულია; გაუნაწილებელი მანდატები გამარჯვებულ პარტიას ერგება და საარჩევნო ბლოკები უქმდება.

მაშინ, როდესაც 5%-იანი ბარიერი სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტს და თავისთავად არ იმსახურებს კრიტიკას, ერთობლიობაში, ეს სამი მექანიზმი ზღუდავს პროპორციული სისტემის ეფექტს უფრო პატარა პარტიების და პლურალიზმის საზიანოდ და არ შეესაბამება სამართლიანი წარმომადგენლობის და საარჩევნო თანასწორობის პრინციპებს, უფრო მეტად, ვიდრე ამის გამართლება შეიძლება სტაბილურობის უზრუნველყოფის საჭიროებით.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ მხედველობაში მიიღოთ გაუნაწილებელი მანდატების განაწილების სხვა შესაძლებლობები, როგორიცაა:
- პროპორციული განაწილება ყველა იმ პარტიას შორის, რომელიც გადალახავს 5%-იან ბარიერს, ან:
- დაწესდეს გაფლანგული ხმების რაოდენობის ზედა ზღვარი, რომელიც გამარჯვებულ პარტიას შეხვდება;
- და/ან დაიწიოს ბარიერმა 2 ან 3%-მდე, ამგვარად დარჩენილ მანდატებზეც გავრცელდეს პროპორციული სისტემა", - ნათქვამია ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში.

ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემას აკრიტიკებს ქვეყნის ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი.

კომენტარები