საკონსტიტუციო ცვლილებები

ვენეციის კომისიის შენიშვნები პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ვენეციის კომისიის შეფასებით, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე გადასვლამ არ უნდა გამოიწვიოს ის, რომ პრეზიდენტად მუდმივად და ექსკლუზიურად ირჩევდნენ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს. კომისიის წინასწარი დასკვნით, საჭიროა პარლამენტში პლურალიზმის მეტად გარანტირება და შეკავებისა და წონასწორობის პრინციპები.

"პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღება, როგორც ასეთი, თანხვედრაშია ევროპულ სტანდარტებთან. მისასალმებელია, რომ ახალი სისტემა ამოქმედდება არა მომავალი წლის არჩევნებზე, არამედ 2023 წლიდან.

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კონსტიტუციური მოწყობის მიხედვით პრეზიდენტი აბალანსებს ძლიერ მთავრობას დიდი საპარლამენტო უმრავლესობით. ამის შედეგად, არაპირდაპირი წესით არჩევაზე გადასვლამ არ უნდა გამოიწვიოს ის, რომ პრეზიდენტად მუდმივად და ექსკლუზიურად ირჩევდნენ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს.

ამდენად, საჭიროა პარლამენტში პლურალიზმის მეტად გარანტირება და შეკავებისა და წონასწორობის პრინციპები. ვენეციის კომისია იმეორებს რეკომენდაციას გაუნაწილებელი მანდატების პროპორციულად განაწილების და/ან ბარიერის დაწევის შესახებ. ამასთან, რეკომენდაციაა, რომ პრეზიდენტის პირველ რაუნდში ასარჩევად საჭირო იყოს კვალიფიციური უმრავლესობა" - ნათქვამია ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში, რომელიც ტაბულას წყარომ მიაწოდა.

საქართველოს კონსტიტუციის რედაქციის პროექტით, საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა უქმდება. დოკუმენტის თანახმად, პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ფარული კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია, "რომლის შემადგენლობაშიც შედის 300 ხმოსანი".

კომენტარები