დაკავება

შსს "ბირჟა მაფიას" წევრებზე: დიდი ოდენობით MDMA-ს შეძენა-შენახვისთვის დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, Young Mic (მიშკა მგალობლიშვილი) და Kay G (გიორგი ქებურია) განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს.

უწყებაში ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა მიშკა მგალობლიშვილის პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA, ხოლო გიორგი ქებურიას პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი MDMA ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ქებურია ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

მგალობლიშვილის ახლობლის ინფორმაციით, დაკავება პაროდიულ-სატირული ჰიპ-ჰოპ პროექტის "ბირჟა მაფიას" ბოლო კლიპს უკავშირდება, სადაც პოლიციელი ყელსაბამზეა გამობმული. 

Young Mic მაშინ დააკავეს, როდესაც ის ტელეკომპანია იმედის შენობიდან გამოდიოდა, მანქანაში ჩასვეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულს აბები ამოუღეს და უთხრეს, რომ მისია და ბრალს ამის გამო წარუდგენდნენ. ტაბულასთან საუბარში მგალობლიშვილის ახლობელი ამბობს, რომ "მიშკა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, არ ეწევა, არ სვამს, ვარჯიშობს, ხოლო მისი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ საეჭვო ვერაფერი ვერ იპოვა".

დაკავებულის ოჯახის წევრები ღამით ამბობდნენ, რომ მიშკა მგალობლიშვილის ნახვის საშუალება არ აქვთ. მათ ზუსტად არც ის იცოდნენ, რომელი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას ედავებიან დაკავებულს.

კომენტარები