რეპერების დაკავება

პეტიცია: გაათავისუფლეთ "ბირჟა მაფიის" წევრები!

საქართველოს მოქალაქეები პეტიციით მიმართავენ საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტსა და მთავარ პროკურატურას და პაროდიულ-სატირულ ჰიპ-ჰოპ პროექტ "ბირჟა მაფიის" წევრების გათავისუფლებას მოითხოვენ.

"მოგეხსენებათ, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს, რაც პირდაპირ კავშირშია სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასთან. ამ უწყინარი ვიდეო კლიპით, "ბირჟა მაფიის" წევრებმა თავიანთი სათქმელი თქვეს. 

მიგვაჩნია, რომ ქმედება, რომელიც განხორციელდა მათ წინააღმდეგ და სასჯელი, რომელიც მათ ემუქრებათ (თავისუფლების 20 წლამდე ან სამუდამო აღკვეთა) უსამართლო და შეუსაბამოა, ყოველგვარ აზრსა და ლოგიკასაა მოკლებული.

გარდა ამისა სხვა საკითხია ის, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. ვითხოვთ დეტალურ გამოძიებას, რადგან მიგვაჩნია, რომ აღნიშნული რაოდენობის MDMA არც კი ეკუთვნოდათ მიშკა მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ზემოთ აღნიშნული, გაეცნოთ საქმის დეტალებს და გაათავისუფლოთ "ბირჟა მაფიის" წევრები", - ნათქვამია პეტიციაში.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული რეპერის მიშკა მგალობლიშვილის სასამართლო პროცესი იმართება.

მგალობლიშვილს და მასთან ერთად დაკავებულ გიორგი ქებურიას ნარკოტიკული საშუალების MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. როგორც შსს ამბობს, ქებურია ბრალს აღიარებს.

ახლობლები ამბობენ, რომ მათ ნარკოტიკი "ჩაუდეს" და დაკავება "ბირჟა მაფიას" რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეოკლიპს უკავშირდება, რომელშიც პოლიციელი ყელსაბამზეა გამობმული.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 8-20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

კომენტარები