რეპერების დაკავება

სასამართლომ "ბირჟა მაფიას" წევრს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ბირჟა მაფიას" წევრს მიშკა მგალობლიშვილს (Young mic) აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე ბადრი შონიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდების მხარის განცხადებით, "უკონტროლო საზღვრები გვაქვს და შეიძლება, ქვეყნიდან გაიქცეს". დაცვის მხარე კი, 50 000-იანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

არსებითი განხილვა 27 ივნისს გაიმართება.

"ბირჟა მაფიას" წევრები მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 2 დღის წინ დააკავეს. მათ შსს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის, MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 8-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

შსს-ს განცხადებით, გიორგი ქებურია ბრალს აღიარებს. მისი სასამართლო პროცესი დღეს, 17:30-ზე გაიმართება.

მიშკა მგალობლიშვილი კი, პოლიციას ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებს და მის დაკავებას ბირჟა მაფიას ბოლო კლიპს უკავშირებს, რომელშიც პოლიციელი მუხლებზე დგას და თოკზეა გამობმული. როგორც მგალობლიშვილმა დღევანდელ პროცესზე თქვა, პოლიციელებმა მას უთხრეს - "ვიღაც ძალიან გააღიზიანე და დაისჯებიო". მისი თქმით, "ასევე მელაპარაკებოდნენ კლიპზე და სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ". დაკავებულის თქმითვე, პოლიციელმა მას უთხრა, რომ "ვინც პოლიციას ასე წარმოაჩენს, აუცილებლად დაისჯება".

ნახეთ ბრალდებულის ჩვენება დეტალურად.

კომენტარები