გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

გივი თარგამაძის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი გამოძიება მისი აფეთქების საქმეზე

0 კომენტარი
ფოტო: ენმ

მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველოს წევრის გივი თარგამაძის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი გამოძიების თანახმად, მისი აფეთქება ერთობლივად დაგეგმეს ქართულმა და რუსულმა სპეცსამსახურებმა. თარგამაძის თქმით, ამ ტერორისტული აქტის შემსრულებელი სამკაციანი ჯგუფი, წარსულში მკვლელობებში, ტერორისტული აქტების განხორციელებაში, ადამიანების გატაცებასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებში მონაწილეობდა.

"მათგან ერთი გააპარეს, ერთი გაათავისუფლეს, ხოლო მესამის ვინაობა საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობი იყო. კერძოდ - გაქცეულია მთავარი ბრალდებული დარჩო ხეჩუაშვილი, სამართლებრივი ლოგიკის სრული უგულვებელყოფით გათავისუფლებულია ბორის ჩაგუნავა და მიზანმიმართულად მიჩქმალულია მესამე მონაწილის, დიმიტრი აბრამიშვილის ბრალეულობა, რომელიც გამოძიებაში არსებული, გამოუქვეყნებელი ვიდეომასალით უტყუარად მონაწილეობდა აფეთქებაში. დამოუკიდებელი გამოძიების მიერ მოპოვებული ფაქტები საშუალებას იძლევა, აღდგეს სრული სურათი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოების ინტერესების საზიანოდ დამალა და სათანადო კვალიფიკაცია არ მისცა" - აცხადებს ევროპული საქართველოს წევრი.

გივი თარგამაძის გამოძიება

დაზარალებულის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი გამოძიების თანახმად, აფეთქება განახორციელა უშუალოდ დარჩო ხეჩუაშვილმა. ის ასაფეთქებელ მასალას და ტექნიკურ დოკუმენტაციას ბორის ჩაგუნავას სახლში ინახავდა, ხოლო დანარჩენ ტექნიკურ და საკომუნიკაციო საშუალებებს დიმიტრი აბრამიშვილი იძენდა თელავში და ხეჩუაშვილს ახმეტაში, ჩოლოყაშვილის სკვერში გადასცემდა.

"საქმეში არსებულ გამოუქვეყნებელ ვიდეომასალაში ხეჩუაშვილთან ერთად აბრამიშვილიც ჩანს, რომელიც მასთან ერთად ამზადებდა დანაშაულს. გამოძიება დანაშაულის ჩადენიდან მალევე აღიარებდა, რომ დიმიტრი აბრამიშვილი ტერორისტული აქტის თანამონაწილეა, თუმცა ამ დრომდე მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სამივე პირი ურთიერთდაკავშირებულია დანაშაულებრივი საქმიანობით და ერთმანეთს კარგად იცნობენ.

შემსრულებლების დანაშაულებრივი საქმიანობა გადაიკვეთა მუხროვანის პირველ ამბოხებაში.

დარჩო ხეჩუაშვილი ამბოხის ერთ-ერთი ორგანიზატორის კობა ოთანაძის ნათელ-მირონი და თანამებრძოლია, მისი დის ქმარი ბორის ჩაგუნავა ამბოხებაში მონაწილეობისთვის ბრალდებულია, დიმიტრი აბრამიშვილი კი ჭიჭიაშვილი-ციხისთავის ბანდის სახელით ცნობილი დაჯგუფების აქტიური წევრი იყო, რომელმაც ამბოხებაში მიიღო მონაწილეობა.

გამოძიება ამტკიცებს, რომ ხეჩუაშვილი და აბრამიშვილი საქართველოში არ არიან, თუმცა მათზე საზღვრის კვეთის ოფიციალური დოკუმენტაცია არ არსებობს.

დღესდღეობით, დამოუკიდებელი გამოძიების ინფორმაციით, დიმიტრი აბრამიშვილი შოთა ჭიჭიაშვილთან და მის დეიდაშვილ, რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელ მუსა ხანგოშვილთან ერთად მოსკოვში იმყოფებიან. დარჩო ხეჩუაშვილის კვალი კი დაკარგულია" - აცხადებს თარგამაძე.

ევროპული საქართველოს წევრის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ტერორისტული აქტის მონაწილეთა დასჯა არ უცდია, პირიქით, სხვადასხვა ქმედებით ხელი შეუშალა მათ გამოვლენას:

  • აფეთქებიდან მალევე, ჯერ კიდევ გამოძიების დაწყებამდე, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სახელისუფლებო მედიამ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით ყალბი ცნობები გაავრცელეს.
  • ხელისუფლება შეგნებულად დღემდე არ ანიჭებს მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაციას, მიუხედავად იმისა, რომ აფეთქების სამიზნე პარლამენტის მოქმედი დეპუტატი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იყო, ხოლო აფეთქება არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე მოხდა, კრიმინალისტების აზრით აფეთქებისას გამოყენებული მასალა მასობრივი მსხვერპლის მისაღწევად გამოიყენება, აფეთქება კი, მანქანის მოძრაობის ტრაექტორიაზე ყველაზე ხალხმრავალ ადგილას მოხდა. მომხდარს მსხვერპლი მხოლოდ მანქანის თავისებურებებიდან გამომდინარე არ მოჰყვა. დაშავდა 7 ადამიანი, აქედან ერთის მდგომარეობა უმძიმესია დაზიანებულია 11 ავტომანქანა.
  • ტერორისტულ აქტში აშკარა მონაწილის ბორის ჩაგუნავას საქმე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე წარმოებაში ცალკე გამოიყო, შესაბამისად, გივი თარგამაძეს შეეზღუდა საშუალება და უფლება მოიპოვოს ინფორმაცია, ან როგორც მხარეს მონაწილეობა მიეღო ჩაგუნავას პროცესში. არადა დანაშაულებრივი ჯგუფი ასაფეთქებელ მასალასა და ტექნიკურ დოკუმენტაციას ჩაგუნავას სახლში ინახავდა. წარსული ტერორისტული საქმიანობის და თარგამაძის საქმეში აშკარა მონაწილეობის მიუხედავად, ჩაგუნავა მხოლოდ იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის გაასამართლეს და დარბაზიდან გაათავისუფლეს.
  • დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ერთი წევრის დიმიტრი აბრამიშვილის შესახებ ინფორმაცია გამოძიებას აფეთქებიდან მალევე ჰქონდა თუმცა მის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები არ დაწყებულა.
  • პროკურატურის მტკიცებით, როგორც დარჩო ხეჩუაშვილმა ასევე დიმიტრი აბრამიშვილმა საქართველოს ტერიტორია უკვე დატოვეს თუმცა არცერთ მათგანზე საზღვრის კვეთის დოკუმენტაცია არ არსებობს.
  • მიუხედავად შს მინისტრის საჯარო დაპირებისა, რომ ხეჩუაშვილს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნაზე დააყენებდა, ეს დღემდე არ მომხდარა.

რატომ სურდათ რუსულ სპეცსამსახურებს გივი თარგამაძის აფეთქება?

ევროპული საქართველოს განცხადებით, 2011-13 წლებში რუსეთში არაერთი მძლავრი საპროტესტო აქცია გაიმართა, ვლადიმირ პუტინის გადადგომის და რეჟიმის შეცვლის მოთხოვნით. 2013 წელს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ამ გამოსვლების მთავარ ორგანიზატორად გივი თარგამაძე დაასახელა და მას რუსეთში გადატრიალების მოწყობის მცდელობის ყალბი ბრალდება წაუყენა.

გივი თარგამაძის საქმიანობას რუსეთის ცენტრალურმა ტელეარხებმა სპეციალური გადაცემები და ფილმები მიუძღვნეს. ვლადიმირ პუტინმა 2013 წელს გივი თარგამაძე რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ინტერპოლმა ეს ბრალდებები სხვა ქვეყნის პარლამენტის წევრის პოლიტიკური მოტივებით დევნად შეაფასა და თარგამაძე მოხსნა წითელი ცირკულარის ძებნიდან. ლიტვამ კი, იგივე მოტივებით გივი თარგამაძის რუსეთში ექსტრადირებაზე უარი განაცხადა.

2012 წლის შემდეგ, რუსეთისა და საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლობა

ევროპული საქართველო ბოლო ხუთი წლის მანძილზე რუსეთისა და საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლობის შესახებაც საუბრობს. კერძოდ, გივი თარგამაძის თქმით:

  • 2012 წლის დეკემბერში ანტიტერორისტულმა ცენტრმა გაიტაცა დაღესტნური წარმოშობის მიკაელ კადიევი, მან მანქანიდან გადმოხტომა მოახერხა, ამიტომ, ის ჯერ კიდევ იმყოფება საქართველოში. მის გადაცემაზე ოფიციალური უარი ქართულ მხარეს ჯერ კიდევ არ უთქვამს. საქმე სასამართლოში გრძელდება. კადიევის გადაცემას რუსული სპეცსამსახურები, წლებია, ითხოვდნენ.
  • 2013 წლის აპრილში ანტიტერორისტულმა ცენტრმა გაიტაცა დაღესტნური წარმოშობის მაგომედ მაგომედოვი, რომლის გადაცემასაც რუსეთის სპეცსამსახურები ითხოვდნენ. მაგომედოვი ახლა რუსეთშია, წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა ის ერთ-ერთ ციხეში უმძიმეს მდგომარეობაში ნახეს.
  • 2014 წლის მაისში, შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს, ახმეტაში საცხოვრებელ სახლთან ბომბი დაუმონტაჟეს. ბომბი ტერორისტმა კოტე ციხისთავმა დაამინტაჟა. მისივე აღიარებით დავალება უშუალოდ საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრისგან მიიღო.
  • 2015 წლის მაისში კი, თბილისის ცენტრში, ჟვანიას მოედანზე, დღის საათებში ზელიმხან ხანგოშვილის მოკვლა სცადეს. გია ლორთქიფანიძის და ზელიმხან ხანგოშვილის ინფორმაციით, ორივე ამ ტერორისტული აქტის შემსრულებელი ქართული სპეცსამსახურები იყვნენ, ხოლო უშუალო დამკვეთი პუტინის რეჟიმი და ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი იყო.

2016 წლის 4 ოქტომბერს გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. თარგამაძე, რომელიც იმ დროს პარლამენტის დეპუტატი იყო, გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაი ბრალდებული დავით ხეჩუაშვილი ამ დრომდე იძებნება. იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული ბორის ჩაგუნავა კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც 6-წლიანი პირობითი სასჯელით ჩანაცვლდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

არტისტების გაერთიანება "ტალღა"

კომენტარები