რეპერების დაკავება

სააპელაციო: საქმის დასრულებამდე რეპერებმა პასპორტები საგამოძიებო უწყებას ჩააბარონ

0 კომენტარი
სააპელაციო სასამართლო ფოტო: სააპელაციო სასამართლო

თბილისის სააპელაციო სასამართლო ჰიპ-ჰოპ პროექტ "ბირჟა მაფიას" წევრების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ტექსტის თანახმად, ბრალდებულ მიშკა მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას დაევალათ წინასასამართლო სხდომამდე კვირაში ერთხელ გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში ანგარიშგების ვალდებულების შესასრულებლად და ჩააბარონ საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. 

"თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ (მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი) ბრალდებულების გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილის ადვოკატების სააპელაციო საჩივრები დასაშვებად ცნო და შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებების მართლზომიერების შესაფასებლად საქმეთა ზეპირი მოსმენა დანიშნა. 

ბრალდებულებს გ. ქებურიასა და მ. მგალობლიშვილს ბრალად ედებათ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, ნარკოტიკული დანაშაულის შესაძლო ჩადენა. 

2017 წლის 12 ივნისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებებით დაკმაყოფილდა დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები. კერძოდ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებები ორივე ბრალდებულის მიმართ. ბრალდებულ მ. მგალობლიშვილს პატიმრობის ნაცვლად, დაცვის მხარის მოთხოვნისამებრ, შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 50 000 ლარის ოდენობით, ხოლო ბრალდებულ გ. ქებურიას - გირაო 20 000 ლარის ოდენობით. ამასთან, ბრალდებულებს დაევალათ წინასასამართლო სხდომამდე კვირაში ერთხელ გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში ანგარიშგების ვალდებულების შესასრულებლად, ჩააბარონ საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე", - წერია სააპელაციოს განცხადებაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

სატირულ ჰიპ-ჰოპ პროექტ ბირჟა მაფიას წევრები, მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 7 ივნისს ნარკოტიკ MDMA-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. სასამართლო პროცესებზე დაკავებულებმა დანაშაული გამორიცხეს და პოლიციელები "ფერადი შეფერილობის ტაბლეტების" ჩადებაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, სამართალდამცველები ახსენებდნენ მათ კლიპს, რომელშიც პოლიციელი მუხლებზე იდგა და თოკზე იყო გამობმული და ეუბნებოდნენ, რომ ამის გამო "ვიღაც ძალიან გაღიზიანდა". ასევე, ამბობდნენ, რომ მათ დაკავებისას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. მიუხედავად ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამის შემდეგ, მოძრაობა თეთრი ხმაურის ორგანიზებით, პარლამენტის ძველ შენობასთან მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა, რასაც მოჰყვა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის პოსტი ფეისბუქზე, სადაც მათ გათავისუფლებაზე მიუთითებდა. ამის შემდგომ, განცხადებები გააკეთეს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ. მათ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისა და პოლიციელების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრეს. 11 ივნისს პროკურატურამ სამართალდამცველების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია გირაოთი დღეს გაათავისუფლეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები