მეჩეთი ბათუმში

ბათუმში მეჩეთის ასაშენებლად ბრძოლა გრძელდება - TDI და EMC სასამართლოს მიმართავენ

მუსლიმები წინწყაროში
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

ბათუმში მეჩეთის ასაშენებლად ბრძოლა გრძელდება. მუსლიმები დარღვეული უფლებების აღდგენას ამჯერად სასამართლოს გზით შეეცდებიან. თემის ინტერესებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) დაიცავენ. 

სარჩელის ძირითადი მოთხოვნაა, ბათილად სცნოს ბათუმის მუნიციპალიტეტის ის გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმ თემს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა. მოსარჩელეს სურს სასამართლომ მუნიციპალიტეტს ნებართვის გაცემა დაავალოს და დაადგინოს, რომ მუსლიმთა მიმართ ადგილი აქვს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას.

მოსარჩელე მხარის შეფასებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან გამოყენებული არგუმენტები მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე, აშკარად დაუსაბუთებელი და უკანონოა.   

მოსარჩელე სასამართლოს მოუწოდებს მხედველობაში მიიღოს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული ზოგადი პოლიტიკური კონტექსტი. მათი თქმით, გასათვალისწინებელია საკულტო ხასიათის შენობა-ნაგებობის გახსნასა და მშენებლობასთან დაკავშირებით მუსლიმი თემის მიმართ ბოლო წლებში გამოვლენილი რელიგიური შეუწყნარებლობის, დევნისა და სახელმწიფოს არასეკულარული და დისკრიმინაციული პოლიტიკის პრობლემაც.

"ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ქალაქ ბათუმში, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსების სიახლოვეს, არა ერთი საეკლესიო ნაგებობაა აშენებული და ზოგიერთ შემთხვევაში მშენებლობისთვის საჭირო მიწის ნაკვეთი მართლმადიდებელ ეკლესიას სწორედ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გადასცა, სახელმწიფოს მიერ მუსლიმ თემისთვის საკუთარი სახსრებით შეძენილ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის სამართლებრივი შესაძლებლობის შეზღუდვა, რელიგიური ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციას წარმოადგენს.  

სამართლებრივი დავის პარალელურად, მუსლიმი თემი შეძენილ მიწის ნაკვეთზე მშვიდობიან შეკრებასა და რელიგიურ და სოციალურ მსახურებას აგრძელებს. ღია სივრცეში ლოცვას ასობით მუსლიმი რეგულარულად უერთდება და ამ გზით მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესს", - ნათქვამია განცხადებაში.

TDI და EMC იმედოვნებენ, რომ ეროვნული სამართლის სისტემაში შესაძლებელი გახდება მუსლიმი თემის დარღვეული უფლებების აღდგენა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა. სხვა შემთხვევაში, ისინი გეგმავენ საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებას, მათ შორის, დავის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმართვას. 

განცხადება სრულად

კომენტარები