ჯორჯიან მანგანეზი

გარემოს დაცვის სამინისტროში ჯორჯიან მანგანეზის საქმეზე დაგეგმილი ბრიფინგი ჩაიშალა

Reuters

დღეს 16:00-ზე გარემოს დაცვის სამინისტროში დაგეგმილი იყო სპეციალური პრესკონფერენცია, რომელიც ჯორჯიან მანგანეზს შეეხებოდა. ჟურნალისტები ბრიფინგის დაწყებას ერთი საათის მანძილზე ელოდნენ, რის შემდეგაც სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ბრიფინგი გაურკვეველი დროით გადაიდო. სამინისტრო არ აკეთებს კომენტარს თუ რისი წარდგენა იგეგმებოდა ამ ბრიფინგზე.

გარემოს დაცვის სამინისტრომ 11 მაისს ჯორჯიან მანგანეზში ნიადაგების დაბინძურების მოტივით სპეციალური მმართველი დანიშნა. სასამართლომ გადააყენა კომპანიის დირექტორი ვოლოდიმირ ლოზინსკი და მის ნაცვლად დირექტორად დანიშნა ნიკოლოზ ჩიქოვანი. ჩიქოვანი ქარხანას მასში ამერიკული მენეჯმენტის შესვლამდე ხელმძღვანელობდა. საგანგებო მმართველი სასამართლომ 3 წლის ვადით, 2020 წლის 11 მაისამდე დანიშნა.

"ჯორჯიან მანგანეზის" მფლობელი ამერიკული კომპანია "Georgian American Alloys"-ის შეფასებით, მთავრობა ამ გადაწყვეტილებით ქარხნის ექსპროპრეაციას გეგმავს. დღეს კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათვამია, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნამ ქარხნის პარალიზება გამოიწვია.

ჯორჯიან მანგანეზის განცხადება სპეციალური მმართველის დანიშვნაზე:

"11 მაისს სასამართლოს გადაწყვეტილებით, "ჯორჯიან მანგანეზში" მოვლენილი ე.წ. სპეციალური მმართველის უფლებამოსილებაში გადავიდა ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანაც. სხვა და სხვა წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ მართვის კომპიუტერული სისტემები მუშაობს მნიშვნელოვანი შეფერხებებით, რაც მთლიანად საფრთხეს უქმნის კომპანიის ჯეროვნად ფუნქციონირებას.

ჩვენი მხრივ ვადასტურებთ, რომ ამა წლის 17 მაისს, ამერიკული კომპანიის ჯი-ეი-ეი-ს ქართული აქტივების მმართველი კომპანიის Georgian American Alloys-ის წარმომადგენელი ესაუბრა შ.პ.ს. "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენელს და შესთავაზა დახმარება სავარაუდო პრობლემის აღმოფხვრაში. სამწუხაროდ, შ.პ.ს. "ჯორჯიან მანგანეზის" პასუხისმგებელმა პირმა უარი განაცხადა დახმარებაზე.

Georgian American Alloys-ის მენეჯმენტი საჯაროდ გამოვხატავს მზადყოფნას ჩაერთოს ხარვეზების აღმოფხვრის პროცესში, რათა თავიდან ავიცილოთ საწარმოების სრული პარალიზება"- წერია განცხადებაში. 

ქარხნის მფლობელი ამერიკული კომპანია Georgian American Alloys 16 მაისს გაკეთებული განცხადებით აღნიშნავდა, სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი დაახლოებულია Georgian American Alloys-ის 4%-ის მფლობელ ქართულ ჯგუფთან, რომელიც კომპანიას წარსულში მართავდა. კომპანია განცხადებაში მიუთითებდა, რომ რუსთავი 2-ის, ყაზტრანსგაზის, ვანო მერაბიშვილისა და სხვა საქმეების შემთხვევაში ქართულმა სასამართლომ ვერ აჩვენა დამოუკიდებლობის ხარისხი. 

"ჩვენ გავხდით მსხვერპლნი ისეთი გადაწყვეტილებებისა, რომლებიც არ მოიაზრება არც საქართველოს კანონმდებლობაში, არც საერთაშორისო სამართალში და არც საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებაში. საფრთხის ქვეშაა ათასობით სამუშაო ადგილი საქართველოში", - ნათქვამია კომპანიის ამერიკული მენეჯმენტის განცხადებაში.

კომენტარები