შენების მოძრაობა

"შენების მოძრაობა" - დავით უსუფაშვილმა ახალი პარტიის პრეზენტაცია გამართა

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "შენების მოძრაობის" პრეზენტაცია გამართა. უსუფაშვილის თქმით, ახალი პარტია "თანამონაწილეობაზე დაფუძნებული, ფართო საზოგადოებრივი სპექტრის მომცველი ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა იქნება". მოძრაობის საბოლოო ფორმირების პროცესი 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება. პარტია მონაწილეობას მიიღებს როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ისე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. შენების მოძრაობა საკუთარ კანდიდატებს ივლისის დასაწყისში წარადგენს.

დავით უსუფაშვილის თქმით, მოძრაობის სადამფუძნებლო პრინციპები და ლოზუნგია - ”რაც კარგია - ვუვლით, რაც ცუდია - ვცვლით, რაც გვაკლია - ვქმნით”. 

"ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა დაეფუძნება პოლიტიკური და პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და პრინციპების განუხრელ დაცვას: 

  • ჯერ ქვეყანა, მერე პარტია; 
  • ჯერ პროგრამა, მერე ხელისუფლება; 
  • პრინციპულობა და არა სიჯიუტე; 
  • ერთ-ერთობა და არა ერთადერთობა; 
  • კონკურენცია და არა მტრობა; 
  • კრიტიკა და არა შეურაცხყოფა; 
  • შემკრებობა და არა გამთიშველობა; 
  • კვალიფიციურობა და არა ზედაპირულობა; 
  • დიალოგი და არა მონოლოგი;
  • სიყვარული და არა სიძულვილი”, - აცხადებენ პარტიაში. 

"შენების მოძრაობაში" ახალ სახეებთან ერთად იქნებიან - ვახტანგ ხმალაძე, რეზო შავიშვილი და კახა შარტავა. 

დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა.

კომენტარები