საკონსტიტუციო მონარქია

მამუკა მდინარაძე: საკონსტიტუციო მონარქია ხიბლს, ინდივიდუალობას შეგვმატებს

პარლამენტი

"ღვთის წყალობით მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და მას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში", - განაცხადა დღევანდელ ქადაგებაზე ილია მეორემ. 

პატრიარქის პოზიციასთან დაკავშირებით პარლამენტში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო მონარქიაზე გადასვლა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა მისი აღდგენის შემთხვევაში საქართველოს "ინდივიდუალიზმი, განსაკუთრებულობა და ხიბლი" შეიძლება შემატოს საქართველოს

"პატრიარქის პოზიცია ყოველთვის უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. დღეს შეიძლება კონსტიტუციური მონარქიისთვის, ქვეყნის ასეთი მოწყობისთვის მზად არ ვიყოთ, მაგრამ სამომავლო, შედარებით შორეულ პერსპექტივაში ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა შესაძლოა ეს საკითხი ძალიან სერიოზულად განიხილოს, მით უმეტეს, როდესაც ამას პატრიარქი საკუთარ ქადაგებაში მეორედ ახსენებს. საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენამ შესაძლებელია გარკვეული განსაკუთრებულობა, ინდივიდუალიზმი და ხიბლი შესძინოს ქვეყანას ბევრი თვალსაზრისით", - ინტერპრესნიუსთან საუბარში ამბობს მამუკა მდინარაძე.

"საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით. იქნებ გვეფიქრა ჩვენ იმაზე, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია და სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში. ეს, რა თქმა უნდა, დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი. მე იმედი მაქვს, რომ ქართველი ადამიანი გამონახავს გზებს მშვიდობისაკენ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მშვიდობა და სიყვარული სუფევდეს მსოფლიოში", - ქადაგებისას თქვა პატრიარქმა.

კომენტარები