საკონსტიტუციო მონარქია

მაჭავარიანი მონარქიაზე: ისე იქნება, როგორც ხალხი, პატრიარქი და უფალი გადაწყვეტს

ენძელა მაჭავარიანი
FB / ენძელა მაჭავარიანი

ქართული ოცნების დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი საკონსტიტუციო მონარქიაზე ილია მეორის ქადაგების შესახებ ამბობს, რომ ამ საკითხზე უნდა იფიქროს.

"ხუმრობით რომ გითხრათ, როგორც "შერეკილებში" ამბობს ერთაოზი - ამაზე ჯერ არ მიფიქრია, ბატონო, ვალები მაქვსო, მეც დაახლოებით ასეთ დღეში ვარ - ამაზე ჯერ არ მიფიქრია. მაგრამ რადგან პატრიარქმა ბრძანა, მე ვარ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი და ამასთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება სუბიექტური იქნება, ეს ვერ იქნება პოლიტიკოსის ობიექტური განცხადება, იმიტომ, რომ ჩემი სულიერი მამის განცხადება ჩემთვის არის საფიქრალი და დავფიქრდები ამაზე. სხვა დროს მონარქიის აღდგენაზე არ მიფიქრია" - ამბობს მაჭავარიანი ნეტგაზეთთან საუბარში.

კითხვაზე, "პატრიარქის განცხადება უპირობოა"?, ქართული ოცნების დეპუტატი პასუხობს - "უპირობოდ მისაღები რომ ყოფილიყო, არც დავფიქრდებოდი. რადგან პატრიარქმა ბრძანა, მიმაჩნია, რომ უნდა ვიფიქროთ ამაზე და დანარჩენს, როგორც საზოგადოება, ხალხი, პატრიარქი და თავად უფალი გადაწყვეტს, ისე იქნება".

ცნობისთვის, გუშინდელი ქადაგებისას, ილია მეორემ თქვა, რომ "კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში". ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პატრიარქს შეხვდნენ. 

კომენტარები