საკონსტიტუციო ცვლილებები

კობახიძე: შეიძლება, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წლიდან მოხდეს

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შესაძლოა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არა 2020, არამედ 2024 წლისთვის მოხდეს. კობახიძის თქმით, კონსტიტუციური კანონის პროექტის საპარლამენტო განხილვებისას გამოიკვეთება, თუ როდის მოხდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. 

„სამწუხაროდ, ოპოზიციამ, კონსულტაციების სირთულის კუთხით, ჩაგვაყენა დღეს ისეთ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც გვქონდა ჩვენ 2015-2016 წლებში. მაშინ გახსოვთ, რომ მხოლოდ საფეხურებრივად გახდა შესაძლებელი პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ამ ინიციატივის წარდგენა და დღეს ვართ რეალურად იგივე რთულ მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, შეიძლება მოგვიხდეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არა 2020, არამედ 2024 წლიდან. დაველოდოთ კონსულტაციის შედეგებს.

ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება უკვე. რეალურად, წინა არჩევნებამდე მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა ამ მოდელით და ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ სწორედ ამან გახადოს კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი ახლა, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

ვერაფერს ვერ ვიტყვი ახლა. გრძელდება კონსულტაციების და ზეგისთვის, როცა დაიწყება საპარლამენტო განხილვები, გამოიკვეთება რეალურად, თუ როდის და როგორ გადავალთ პროპორციულ სისტემაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმითვე, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება.

"ამის შემდეგ უკვე გადავალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ბონუსის დანამატით. ეს არის ის კონსენსუსი, რომელიც შედგა. რაც შეეხება მომდევნო არჩევნებს, საუბარი გვქონდა, რომ, შესაძლებელია, ერთჯერადად დავწიოთ საარჩევნო ბარიერი მომდევნო არჩევნებში შერეული სისტემის პირობებში. საბოლოო პოზიცია ამასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში დაზუსტდება" - თქვა კობახიძემ.

კომენტარები