საკონსტიტუციო ცვლილებები

პრეზიდენტი მმართველ გუნდს რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე უარს ეუბნება

გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის თხოვნას რიგგარეშე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით უარით პასუხობს. მმართველი გუნდი სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას გეგმავს.

"გუშინ საზოგადოებამ მოისმინა საკონსტიტუციო რეფორმისათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ. ეს არის უარის თქმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე, რეალურად ეს ცვლილება თვისობრივად ცვლის კონსტიტუციის რეფორმის იმ შემოთავაზებულ პროექტს, რომელიც განიხილა ქართულმა საზოგადოებამ და ვენეციის კომისიამ.

ამ ვითარებაში, ის, რაც დარჩა სახელიდან "კონსტიტუციის ფუნდამენტური ცვლილებები" და მოლოდინიდან, რომ ქართული საზოგადოება მიიღებდა კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს კონსტიტუციის დახვეწის თვალსაზრისით, ჩვენ მივიღეთ ფუნდამენტური ცვლილება მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცის კუთხით. ეს ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციებს და კონსტიტუციიდან უშიშროების საბჭოს გაქრობას.

ანუ, რის თაობაზეც ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით. მაშინ, როდესაც იქმნებოდა საკონსტიტუციო კომისია, იმ სულისკვეთებაზე, რომელზეც მოგახსენებდით, რომ ეს მიმართულია რეალურად პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ, საბოლოოდ მივედით სწორედ ამ ვერსიამდე. არსებულ ვითარებაში, პარლამენტიდან შემოსულია თხოვნა, დაინიშნოს საგანგებო სესია იმისთვის, რომ განიხილონ კონსტიტუციის ცვლილების წარმოდგენილი კანონპროექტი. მე ამ თხოვნას უარით ვპასუხობ. მინდა, საზოგადოება ჩავაყენო საქმის კურსში, რომ ეს რეალურად ვერაფერს შეცვლის - თუ არის გადაწყვეტილება ამ სესიის მოწვევის, მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტის უარის მიუხედავად, მაინც არის შესაძლებელი სესიის მოწვევა და ამ საკითხების განხილვა. მაგრამ ჩემს უარს აქვს პოლიტიკური შინაარსი", - თქვა პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე.

გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს პარლამენტს, შეუთანხმებელი ცვლილებები არ მიიღოს დაჩქარებული წესით. "დაუბრუნდეს ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ შენიშვნებს და რეკომენდაციებს და სწორედ ამ სულისკვეთების რეჟიმში დაწეროს უკეთესი ვერსია. შევქმნათ ერთიანი თანხმობის დოკუმენტი. შევქმნათ დოკუმენტი, რომელიც იქნება დაფუძნებული კონსენსუსზე და ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ ფუნდამენტურ პრინციპებზე. ნუ შევუქმნით პრობლემას ქართული დემოკრატიის განვითარებას. იმედი მაქვს, რომ ამ რთულ ვითარებაში პატივცემული დეპუტატები, საპარლამენტო უმრავლესობა არ იქნება ჩართული უაღრესად ასწრაფებულ რეჟიმში და გააგრძელებს კონსტიტუციის განხილვას ჩემ მიერ შემოთავაზებული პრინციპების ირგვლივ", - თქვა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის უარის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობა რიგგარეშე სესიას მაინც ჩანიშნავს. ამის შესახებ მმართველი გუნდის წარმომადგენლები საუბრობდნენ.

კომენტარები