ქარის ელექტროსადგური

მთავრობა ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციებს საქართველოს საფონდო ბირჟაზე ყიდის

Tornike Kazarashvili / Youtube.com

„ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე გასაყიდად განთავსდება“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

“საჯარო შეთავაზებით იქმნება პრეცედენტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს პროექტში წილის შეძენის შესაძლებლობას აძლევს. პრივატიზაციის ასეთი ფორმა ძალიან მნიშვნელოვნად წაახალისებს პირველ რიგში საფონდო ბირჟას და ამავდროულად, საშუალებას მისცემს ადგილობრივ ინვესტორებს, შეიძინონ წილი პროექტში. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ჩართულობის შეგრძნება იმ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. ასევე, ადგილობრივ ინვესტორებს მიეცემათ შანსი, შეიძინონ ამ პროექტის აქციები, ვინაიდან მომზადდება პროექტი ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე საჯარო შეთავაზებისთვის. ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი, რომელიც ერთადერთი არ იქნება. ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ არაერთ ნაბიჯს გადავდგამთ.“ - თქვა პრემიერმინისტრმა.

საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დასრულდა. ქართლის ელექტროსადგურის ჯამური სიმძლავრე 20.7 მეგავატია, ის 6 ერთეული 3.45-მეგავატიანი ტურბინისგან შედგება (ტურბინის მოდელი: V117-91.5HH).

პროექტს $24-მილიონიანი შეღავათიანი კრედიტით EBRD-მა დააფინანსა. ქარის ელექტროსადგური შპს "ქართლის ქარის ელექტროსადგურს" ეკუთვნის, კომპანიის დამფუძნებელი სახელმწიფოა. 

კომენტარები