ე.წ. ციანიდის საქმე

საპატრიარქო დეკანოზის ოჯახთან პატრიარქის შეხვედრის აუდიოჩანაწერს აქვეყნებს

საპატრიარქო მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების პატრიარქთან შეხვედრის აუდიოჩანაწერს ავრცელებს. საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში წერია, რომ მედიასივრცეში საუბრის ტენდენციური და დამახინჯებული ვერსია ვრცელდება.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საქართველოს პატრიარქს 21 ივნისს შეხვდნენ. ისინი კათალიკოსთან შეხვედრას, თვეების განმავლობაში ითხოვდნენ. მათ ილია მეორეს ბრალდებული დეკანოზის ზიარება სთხოვეს. თორნიკე მამალაძის თქმით, ამაზე, პატრიარქს პასუხის გაცემა სურდა, თუმცა, მეუფე დავით ჯინჭარაულმა შეაწყვეტინა. ამასთან, არქიმანდრიტ დავით ჭინჭარაულის ინფორმაციით, სასულიერო პირები დეკანოზ გიორგი მამალაძის საზიარებლად ციხეში შესაძლოა, 27 ივნისს შევიდნენ.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, პატრიარქმა შეხვედრაზე დააფიქსირა, რომ "მამა გიორგი არის მართალი, უბრალოდ, ეს ყველაფერი ეკლესიის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული". თორნიკე მამალაძის თქმით, მან ილია მეორეს ჰკითხა - ვინ ცდილობს ეკლესიის დისკრედიტაციას, თუმცა, მეუფე დავით ჯინჭარაულმა შეაწყვეტინა. დეკანოზის ძმა აღნიშნავს, რომ შეხვედრა იწერებოდა.

"უკან არწივივით მედგა მამა დავით ჯინჭარაული და ხელს მადებდა, ოდნავ, ვითომ მეგობრულად მიჭერდა, როცა მძიმე თემებს ვეხებოდი, ცდილობდა, ჩემი საუბარი შეეწყვიტა და მას ესაუბრა. მერე უწმიდესს ვუთხარი - მე თქვენთან მოვედი და არა მამაოებთან პოლემიკის გასამართად - მეთქი", - თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ თორნიკე მამალაძემ.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები