ე.წ. კანიბალების საქმე

კანიბალების საქმეში ბრალდებულ შენგელიას უვადო, შვილს კი 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბექა შენგელია

ე.წ. კანიბალების საქმეში ბრალდებულ ბექა შენგელიას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის შვილ ირმა ყოჩიაშვილს კი - 20 წლიანი პატიმრობა. ამის შესახებ ადვოკატი ლალი ბიწოშვილი საუბრობს.

ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოში.

ლუბა ყოჩიაშვილი თბილისში 2016 წლის 19 ოქტომბერს მოკლეს. შსს-ს ოფიციალური განცხადებით, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს შორის უთანხმოება, ლუბა ყოჩიაშვილი ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ - გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს.

იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს. გამოძიების თანახმად, ეს იყო "რიტუალური მკვლელობა." გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაიწყო.

კომენტარები