ე.წ. ციანიდის საქმე

ფირცხალავა: ირაკლი მამალაძე სუს-ის აგენტია, მისი ფსევდონიმია "პრესა"

კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურის მთავარ მოწმე ირაკლი მამალაძეს სუს-ის აგენტად მოიხსენიებს. მან წერილი კურიერს მისწერა.

წერილში ირაკლი ფირცხალავა ამბობს, რომ ირაკლი მამალაძე წლებია, უსაფრთხოების სამსახურის აგენტია და მისი ფსევდონიმი "პრესაა".

"მე 18 წელზე მეტი გავატარე ძალოვან სტრუქტურებში. მათ შორის, უშიშროების სამინისტროში. ამიტომ, ვფლობ ძალიან ბევრ საიდუმლო ინფორმაციას, რომელთა საზოგადოების წინაშე გამომზეურება არასოდეს შედიოდა ჩემს პრიორიტეტებში მანამ, სანამ თვითონ ძალოვნები არ ახდენდნენ თავიანთი აგენტის ლუსტრაციას.

ირაკლი მამალაძე გადაბირებულ იქნა ქართული სპეცსამსახურების მიერ ფსევდონიმით "პრესა". მას აქტიურად იყენებდა კუდ-ი მასმედიაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მისაღებად; საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მისაღებად და ლგბტ პირებზე მაკომპრომეტირებელი მასალების მოპოვებისთვის. მათ შორის, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვებისთვის. იგი იყო ე.წ. აგენტ-პროვოკატორი, რომელსაც ეძლეოდა კონკრეტული დავალება. პროკურატურისა და თვითონ მამალაძის მტკიცება რაღაც უბედურების თავიდან აცილებაზე, არის სუფთა ფარსი და არანაირად არ წარმოადგენს სიმართლეს", - წერს ირაკლი ფირცხალავა წერილში.

ირაკლი მამალაძე კი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და ფირცხალავას "სერიულ მკვლელს" უწოდებს. როგორც ცნობილია, სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კორტების საქმეზე ბრალდებული ფირცხალავა პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები