ოკუპირებული ტერიტორიები

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს გეგმავს

sputniknews.com

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ძალების მიერ მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებულ რუსეთის მეშვიდე სამხრეთ ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის გაერთიანებული ქვედანაყოფის შექმნის შესახებ ე.წ. შეთანხმების ფარგლებში დაიგეგმა.

"წვრთნების შემდეგ, გაერთიანებული დაჯგუფებების ძალისა და საშუალებების ჩართვით, შესაძლებელი იქნება მოწინააღმდეგისგან მომავალი საფრთხის მოგერიება როგორც ხმელეთიდან, ასევე ზღვიდან დღისა და ღამის საათებში. სულ ამ წლის განმავლობაში 100-ზე მეტი წვრთნისა და სწავლების ჩატარება იგეგმება", - ნათქვამია პრესრელიზში.

რუსეთის სახელმწიფო დუმამ, რუსეთისა და აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ჯართა გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შეთანხმების რატიფიცირება 2016 წლის 16 ნოემბერს მოახდინა. აღნიშნულ დოკუმენტს მხარეებმა ხელი 2015 წლის 21 ნოემბერს მოაწერეს.

ე.წ. შეთანხმების თანახმად, გაერთიანებული დაჯგუფების მთავარი ამოცანა "შეიარაღებულ თავდასხმაზე ადეკვატური რეაგირება" იქნება.

რუსეთის დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ კალაშნიკოვის თქმით, დოკუმენტის რატიფიცირება რუსეთის ინტერესებს პასუხობს, ხელს უწყობს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას და მხარს უჭერს რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას.

კომენტარები