კიბერშეტევა

საქართველოს პარლამენტის წევრების ელექტრონულ ფოსტებზე კიბერშეტევა განხორციელდა

Reuters

საქართველოს პარლამენტის წევრების ელექტრონულ ფოსტებზე კიბერშეტევა განხორციელდა. დეპუტატებს ამის შესახებ გუშინ შეატყობინეს. ევროპული საქართველოს წევრ სერგო რატიანის თქმით, დღეს პარლამენტარებს მისწერეს, რომ ყველაფერი გამოსწორებულია. დეპუტატებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში ახსნილია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ვირუსის შემცველი შეტყობნების მიღების შემთხვევაში.

"ძვირფასო პარლამენტის წევრებო და აპარატის თანამშრომლებო! გაცნობებთ, რომ ბოლო დღეებში კატასროფულად იმატა ე.წ. Phishing “სატყუარა” მეილების რიცხვმა. მძიმე მდგომარეობაა რამდენიმე ქვეყანაში, რადგან გაჩერდა ინფორმაციული სისტემები. ვირუსები ვრცელდება ელ-წერილებით და ჩამოტვირთვებით სხვადასხვა საიტებიდან. შემდეგ ვირუსი შიდა ქსელის საშუალებით ვრცელდება მომხმარებლების კომპიუტერებზე და შესაძლოა მოხდეს ინფორმაციის სრული დაკარგვა. პარლამენტის აპარატი უსაფრთხოების პოლიტიკიდან გამომდინარე ვალდებულია გათიშოს გარე წერილების სისტემა (შიდა სისტემა იმუშავებს), სანამ არ მოინახება პრობლემის გადაწყვეტის საშუალება. უმორჩილესად გთხოვთ, საეჭვო წერილები წაშალოთ მიღებისთანავე. 1. დააკვირდით გამომგზავნის სახელს და ელ-ფოსტის მისამართს. 2. დააკვირდით სწორია თუ არა თქვენი ელ-ფოსტის მისამართი. 3. დააკვირდით მიბმული ფაილის (attachment) სახელს. არ გახსნათ საეჭვო წერილში მითითებული არცერთი ლინკი (ბმული) რა შინაარსისაც არ უნდა იყოს ის. ლინკზე დაჭერით შესაძლოა გადახვიდეთ სახიფათო ვებ-გვერდზე. არ გახსნათ საეჭვო წერილში თანდართული ფაილი (attachment) word (doc,docx) excel (xls), pdf და ა.შ. , რადგან შეიძლება შეიცავდეს ვირუსს ან მავნე პროგრამას რომელიც გახსნისთანავე გაეშვება. პატივისცემით, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი" - წერია პარლამენტარებისთვის დაგზავნილ შეტყობინებაში.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ უწყება ერკვევა ვითარებაში.

"პარლამენტთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინება არ შემოსულა, თუმცა, საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩვენი წარმომადგენლები დაუკავშირდნენ პარლამენტის შესაბამის სამსახურს. ამჟამად ვერკვევით ვითარებაში", - თქვა ხუციშვილმა.

კომენტარები