ლევან სუთიძე

დოკუმენტი, სადაც ილია II მეუფე კალისტრატეს გაკათოლიკების პირობას დებს

ლევან სუთიძე
0 კომენტარი

დოკუმენტი, რომელსაც ტაბულას მკითხველი პირველად ნახავს, რამდენიმე თვის წინ მოვიპოვე. კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესებამ და თანდართულმა ციანიდის საქმემ, მისი გამოქვეყნება დროებით შეაფერხა.  

თამამად ითქმის, რომ დოკუმენტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკლესიის უახლესი ისტორიის ან საქართველოს მართლმადიდებელი და რომის კათოლიკე ეკლესიების ურთიერთობათა მკვლევართათვის, ან მათთვის, ვინც მოგვიანებით ამჟამინდელი კათალიკოზის მემკვიდრეობისა და მოძღვრების შესწავლით დაკავდება, არამედ აქ და ახლა, ქართული საზოგადოებისთვის.

დიდხანს ვფიქრობდი, რა წამემძღვარებინა წერილისთვის, რომელიც უსათუოდ 1983 წელს გაიგზავნა ვატიკანში, რადგან სწორედ 1983 წლის აპრილიდან - სექტემბრამდე წინამძღვრობდა ალავერდის მონასტერს წერილში მოხსენიებული ამჟამინდელი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე. ისევე, როგორც ამავე წელს დაინიშნა კათოლიკე ეკლესიის ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის საბჭოს მდივნად ჯერ კიდევ მღვდელი პიერ დიუპრე, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წერილის ადრესატია.

ვიფიქრე, და გადავწყვიტე, რომ მრავალსიტყვაობის გარეშე გაჩვენოთ, როგორ სთავაზობს ამჟამად უკვე წმინდანად შერაცხულ პაპ იოანე პავლე მეორეს, პატრიარქი ილია მეორე, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, 1983 წელს კი, მღვდელი კალისტრატე მარგალიტაშვილის გაკათოლიკებას, იმ პირობით, თუ ამ უკანასკნელს სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა ისტორიულ მონასტერს ჩააბარებენ:

პატრიარქის წერილი ვატიკანს

პატრიარქის წერილი ვატიკანს 2

მის მაღალღირსებას, მამა პიერ დიუპრეს, ქრისტიანული ერთიანობის სამდივნოს მდივანს

"ძვირფასო მამაო პიერ დიუპრე, როგორც თქვენთვის ცნობილია, სტამბოლში არსებობს ქართული კათოლიკური მონასტერი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. იქ მოღვაწეობდნენ ცნობილი დიდი მამები: მამა მიხეილ თამარაშვილი, მამა მიხეილ თარხნიშვილი, პეტრე ხარისჭირაშვილი... და სხვანი, რომელთაც გარკვეული წვლილი შეიტანეს ქართულ საისტორიო მეცნიერებაში.

ბოლო ასი წლის მანძილზე ეს მონასტერი იყო დამაკავშირებელი ხიდი რომის კათოლიკურ და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის. ამჟამად იქ არ არის ქართველი მოძღვარი; ამ მონასტრის პატრონად ითვლებიან პავლე და სვიმონ ზაზაძეები, ეროვნებით ქართველი კათოლიკეები. ზაზაძეებმა და ქართველმა მრევლმა არაერთხელ მომმართეს თხოვნით, საქართველოდან გავუგზავნო მოძღვარი. ვითვალისწინებ რა იმ ფაქტს, რომ ეს არის რომის კათოლიკური მონასტერი, მინდა მის უწმიდესობას, რომის პაპს, იოანე პავლე II წარვუდგინო კონსტანტინეპოლში გასაგზავნი კანდიდატი, არქიმანდრიტი კალისტრატე მარგალიტაშვილი, შოთა ილიას ძე, რომელიც მართლმადიდებელია და არის საქართველოს ერთ-ერთი დიდი მონასტრის, ალავერდის წინამძღვარი.

სამ საკითხის განხორციელება შემდეგნაირად მესახება: ჩვენ წარმოვგზავნით არქიმანდრიტ კალისტრატეს ვატიკანში, თუ ეს აუცილებელია, იგი მიიღებს კათოლიკეობას და სათანადო საბუთით გაემგზავრება სტამბოლში. საჭიროების შემთხვევაში ნება ეძლევა მიიღოს თურქეთის მოქალაქეობა.

ვფიქრობ, რომ ამ საკითხის განხორციელება დიდად შეუწყობს ხელს ჩვენ ორ უძველეს ეკლესიას შორის კავშირის განმტკიცებას.

ამ წერილს თან ერთვის შემდეგი საბუთები:

1. არქიმანდრიტ კალისტრატეს პასპორტის ასლი
2. არქიმანდრიტ კალისტრატეს ბიოგრაფია
3. არქიმანდრიტ კალისტრატეს 5 ფოტოსურათი
4. მოკლე მიმოხილვა სტამბოლის ქართული კათოლიკური მონასტრის შესახებ,
5. ამ მონასტრის 4 ფოტოსურათი.

მიიღეთ ჩემი საუკეთესო სურვილები. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.

ქრისტესმიერი სიყვარულით

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი".

ბუნებრივია, ვატიკანს არაფერში სჭირდებოდა მღვდელი კალისტრატე მარგალიტაშვილის გაკათოლიკება (ამ გადაწყვეტილების მიღებაში წმიდა საყდარს წერილს დართული 5 ფოტოსურათიც დაეხმარებოდა). უცნობია, რა უპასუხეს ვატიკანში საქართველოს საპატრიარქოს, მაგრამ შემიძლია ვივარაუდო, როგორ გამოითქმის მისი შინაარსი ჟარგონზე. 

იმავე წელს მღვდელი კალისტრატე მარგალიტაშვილი ეპისკოპოსად აკურთხეს და დღეს ის საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის პირველი მღვდელმთავარია.

ისტორიული ცინიზმი კი ის არის, რომ მართალია, ვერც კათალიკოზმა ილიამ და ვერც მიტროპოლიტმა კალისტრატემ ხელში ვერ ჩაიგდეს ქართველ კათოლიკეთა სტამბოლის სავანე, მაგრამ საქართველოში, ქართველ კათოლიკეებს ხუთი ტაძარი წაართვეს, რომელთაგან ერთ-ერთში, ახლა მიტროპოლიტი კალისტრატე სწირავს. ზოგიერთი ტაძარი, პატრიარქმა ილიამ იმ ტკბილადმოუბარი ენით გამოსძალა კათოლიკეებს, რაც ქვემოთმოყვანილ წერილშიც იგრძნობა.

1988 წელს, საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გამოცემა, ჯვარი ვაზისა წერდა, რომ სოფელ ვალეში კათოლიკური ტაძარი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა მოილოცა. გამოცემა აღნიშნავდა, რომ თავის სიტყვაში ილია მეორემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სრული ურთიერთობის მნიშვნელობას მართლმადიდებელ და კათოლიკე მორწმუნეებს შორის. აი რა განუცხადა კათოლიკეებს ილია მეორემ:

"ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. გვწამს ერთი მამა, ძე და სულიწმიდა. თქვენში არ უნდა იყოს განყოფა. როცა ლოცვა აქ არის, აქ უნდა იყოთ, როცა იქ, მართლმორწმუნე ეკლესიაში, იქ უნდა იყოთ და ილოცოთ... ალბათ იცით, რომ საქართველოში კათოლიკე მღვდლები კარგა ხანია აღარ არიან. მათი მომზადება რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ხდება და რიგ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში....თქვენს მხარეში ხშირად კამათობენ, რომ მე კათოლიკე ვარ, შენ მართლმადიდებელი და ამიტომ სხვანი ვართო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ერთნი ვართ და გვწამს სამება - მამა, ძე და სულიწმინდა. და თუ მაინც მოხდა რომსა და ბიზანტიას შორის განხეთქილება მეთერთმეტე საუკუნეში, ეს უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და არა დოგმატურ-საღვთისმეტყველოს, თანაც ამ განხეთქილების მიუხედავად არ მომხდარა განხეთქილება რომსა და საქართველოს შორის... საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." 

წერილი ცხადყოფს, რომ მართლმადიდებელი რწმენის ბურჯად სახელგანთქმული საქართველოს ეკლესიის დღევანდელი იერარქიის მართლმადიდებლობაც ფარისევლურია, მოძალებული ანტიკათოლიციზმიც და ქსენოფობიაც. მთავარია, უძრავ-მოძრავი ქონება. იქნებ, სწორედ ამაშია ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიის წყევლაც და კურთხევაც? ფუნდამენტალისტების მოსყიდვა შეუძლებელია. ფარისევლების, ადვილად.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლუკა შენგელია

კომენტარები