თაღლითობა

თბილისში აშშ-ის საელჩოდან 160 ათასი დოლარი გაქრა

KCCT

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის ოფისმა თბილისის საელჩოში არსებულ თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშიდან ირკვევა, რომ საელჩოში 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა თაღლითური სქემა, რის შედეგადაც დიდი ოდენობით ფული დაიკარგა.

სქემა ეხება საელჩოს ტერიტორიაზე პერსონალური მომსახურების (კაფეტერიის, ქიმწმენდის, სალონის, ავტოსამრეცხაოსა და სხვა მომსახურებების) მიმწოდებელ სახელმწიფო კომპანია TEA-ს ფინანსებს. ამ კომპანიიდან 2010-2014 წლებში ყოველწლიურად დაახლოებით $30 ათასი იკარგებოდა.

2014 წელს TEA-ს შემოსავლებმა $440 ათასი შეადგინა, როგორც ირკვევა, თაღლითების საქმიანობის გამო კომპანიას წლების მანძილზე ფინანსური პრობლემები ექმნებოდა.

აუდიტის მიხედვით, 2010 წელს 8 700 დოლარი დაიკარგა, 2011 წელს 38 900 დოლარი, 2012 წელს 46 100 დოლარი, 2013 წელს 44 200 დოლარი, 2014 წელს კი 21 800 დოლარი დაიკარგა.

ანგარიშის მიხედვით, გამოძიებამ TEA-ს საბუღალტრო პროგრამულ სისტემაში არსებული ხარვეზი გამოავლინა, რომლის მეშვეობით თაღლითობა განხორციელდა. აღნიშნული საქმის შესწავლის ინიციატორი თბილისის საელჩოს დასაქმებულთა ასოციაცია იყო.

როგორც ირკვევა, კომპანიის საბუღალტრო სისტემის უსაფრთხოება დაცული არ იყო, რის გამოც მასში კორექტირებების შეტანა, თანხის გამოტანა ან ქაღალდზე არარსებული ოპერაციების შესრულება იყო შესაძლებელი. ანგარიშის მიხედვით, თაღლითურ სქემაში კომპანიის დასაქმებული მონაწილეობდა, რომელმაც COTS საბუღალტრო სისტემაში, განახორციელა არარსებული ოპერაციები, რაშიც კომპანიას თანხები გადაარიცხინა, შემდგომ კი ჩანაწერები ამ ოპერაციების შესახებ საბუღალტრო სისტემიდან წაშალა. 

COTS საბუღალტრო სისტემა მის მომხმარებლებს ტრანზაქციების მარტივად წაშლის საშუალებას აძლევს, რაც მცირე მეწარმეებისთვის მოსახერხებელი ფუნქციაა, თუმცა ამ შემთხვევაში სისტემა თაღლითური სქემის დასაფარად გამოიყენეს. ანგარიშის მიხედვით, სისტემიდან საერთო ჯამში 3116 ოპერაციის შესახებ ჩანაწერი გაქრა. დაუდგენელია იმ პირის ვინაობა, ვინც აღნიშნული სქემის შედეგად ფული მიითვისა. 

კომენტარები