მცოცავი ოკუპაცია

ფოფხაძე: რუსები 1 მეტრით გადმოწევენ თუ 100-ით, ქვეყნის თითქმის 1/3 ოკუპირებული აქვთ

გედევან ფოფხაძე
ტაბულა

"ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია და რუსები 1 მეტრით გადმოიწევიან თუ 100-მეტრით, ქვეყნის თითქმის 1/3 აქვთ ოკუპირებული", - ამბობს ქართული ოცნების წევრი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძე. ფოფხაძის თქმით, საქართველოს პრეტენზია რუსეთის მიმართ არ უნდა იყოს დაკავშირებული საოკუპაციო ხაზის გადმოწევის კონკრეტულ შემთხვევებთან, არამედ მთელ ოკუპაციასთან. 

"ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესი მარტო საქართველოში არ მიდის - მიდის უკრაინაში და რუსეთის დამოკიდებულება არც საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში ექცევა და არც რაიმე დიპლომატიის სტანდარტებს ექვემდებარება. აქედან გამომდინარე, ჩვენი ერთადერთი გამოსავლი არის საერთაშორისო საზოგადოების ჩარევა.

რუსეთისთვის ეს არის ერთგვარი მეთოდი, რომ სულ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთის დღის წესრიგზე, ვისაუბროთ მცოცავ ანექსიაზე და მის კონკრეტულ ქმედებაზე. საჯარო რეალობა, რაზეც რეალურად უნდა იყოს საუბარი კი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია და 1 მეტრით გადმოიწევიან თუ 100-მეტრით, ქვეყნის თითქმის 1/3 აქვთ ოკუპირებული. ასე რომ, ჩვენი პრეტენზია რუსეთთან ნამდვილად ვერ შემოიფარგლება კონკრეტული ნაბიჯებით მისი მხრიდან

ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ადამიანის უფლებების მდგომარეობის თვალსაზრისით არანაირი მონიტორინგის მექანიზმი ამ სივრცეში არ არსებობს და რუსეთმა ფაქტობრივად შექმნა ჩრდილოეთ კორეის მოდელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე", - ამბობს ფოფხაძე.

გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან და ზემო სობისში საოკუპაციო ძალებმა ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. 

კომენტარები