ლექვინაძე აბესაძის დაკავებაზე: ძალიან სამწუხარო ფაქტია, მოულოდნელიც

თბილისის მერია

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის თქმით, ნებისმიერ გადაცდომაზე მერიის მხრიდან შესაბამისი რეაგირება იქნება. ლექვინაძე მერიის თანამშრომლის ოთარ აბესაძის დაკავების ფაქტს რუსთავი ორის ეთერში გამეოხმაურა.

"ძალიან სამწუხარო ფაქტია, შეიძლება ითქვას, რომ მოულოდნელიც და ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და საბოლოო სიტყვას ალბათ გამოძიება იტყვის. მთლიანობაში, თბილისის მერის მიდგომა არის ძალიან მარტივი, ნებისმიერი ფაქტი, რომელიც უკავშირდება რაიმე გადაცდომას კანონთან მიმართებაში, მასზე იქნება შესაბამისი რეაგირება. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარის წარმომადგენელი იქნება, კანონის მიმართ, აბსოლუტურად ყველა არის თანასწორი, ამიტომ გამოძიების შემდეგ, ბუნებრივია კანონშესაბამისად განხორციელდება ნებისმიერი ქმედება, ის იყო შტატგარეშე თანამშრომელი.“- ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დღეს დააკავა. მას გამოძიება 3000 აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის მოთხოვნას და აღებას ედავება. აბესაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

ოთარ აბესაძე ქართული ოცნების აქტიური წევრია 2012 წლიდან. ის ხელმძღვანელობდა კოალიცია ქართული ოცნების ახალგაზრდულ ორგანიზაციას და იკავებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩევლის პოსტს. 

კომენტარები