0 კომენტარი

14 ივლისს ქართველი ნეოფაშისტები ე.წ "ქართველთა მარშს" მართავენ, რომლის გაცხადებული მიზანი ქვეყნის "არალეგალი იმიგრანტებისგან გასუფთავებაა".

იმ გრძელ ჩამონათვალში, ვისგანაც ქართველი ნეოფაშისტები ქვეყნის გაწმენდას ითხოვენ, ყველა ეროვნებას შეხვდებით ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების  გარდა. "ტაბულა" შეეცადა, გაერკვია, თუ რა უდევს საფუძვლად რუსებისადმი მსგავს დამოკიდებულებას.

საპროტესტო აქციის სახელი "ქართველთა მარში" ძალიან ჰგავს რუსულ ყოველწლიურ მსვლელობას "რუსულ მარშს", რომელიც 2005 წლიდან დღემდე იმართება. ორ ნეოფაშისტურ პროტესტს არა მხოლოდ სახელწოდება აქვთ საერთო, არამედ ლოზუნგიც. პირველი დიდმასშტაბიანი "რუსული მარში" 2006 წელს ჩატარდა და მისი მიზანი იქაც "არალეგალი იმიგრანტებისგან ქვეყნის გასუფთავება" გახლდათ.

თვალს თუ გადავავლებთ დაჯგუფებების ლიდერების გამოსვლებსა და განცხადებებს, აღმოვაჩენთ, რომ ქართველ ნეოფაშისტებს რუსული ნარატივი უცვლელად აქვთ გადმოტანილი - გახშირებულ კრიმინალზე აპელირება გაურკვეველი რიცხვებით, პატრიოტული გრძნობებით მანიპულირება და სიტუაციის ისე წარმოჩენა, თითქოს ქართველებს (იქით რუსებს) ქვეყანაში ჩამოსული უცხოელები ჩაგრავენ.

გთავაზობთ "მოძრაობა არალეგალი იმიგრანტების წინააღმდეგ" და "რუსული მარშის" ერთერთი დამფუძნებლის ალექსანდრ ბელოვის ციტატას მისი განცხადებიდან:

"არალეგალი იმიგრანტების პრობლემა, განსაკუთრებით ისეთ დიდ მეგაპოლისში, როგორიც მოსკოვია, პირველ ფლანგზე გადმოდის. როდესაც ჩამოდიან სხვები, არ აქვს მნიშვნელობა ვინ - სხვები, არაადგილობრივები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენგან განსხვავდებიან, ლაპარაკობენ გაუგებარ ენაზე. ისინი თვლიან, რომ ჩვენ ძალიან უნამუსოები ვართ. ისინი წვალობენ, თუმცა რატომღაც, თეთრი გოგონები, რომლებიც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დადიან, მათ იმავეთი არ პასუხობენ. ამიტომაც, ეს კონფლიქტები გაძლიერდება. გაუპატიურებისა და მკვლელობების რიცხვი კი გაიზრდება, რასაც ძირითადად ემიგრანტები ჩადიან"

ახლა კი ვნახოთ მოძრაობა "ეროვნულების" წევრისა და "ქართველთა მარშის" ერთერთი ორგანიზატორის გია კორკოტაშვილის განცხადება:

"ამ ჩამობრძანებულ სტუმრებში არიან ამორალური ადამიანები. ესენი ცოტა ზღვარს გადავიდნენ იმიტომ, რომ ვიგრძენით ეს. იგივე აღმაშენებელზე, პლეხანოვზე, ვარდების მოედნის დაბლა ტერიტორიაზე, სადაც მათ კანონსაწინააღმდეგო ბორდელები ჰქონდათ გახსნილი. ჩვენ საქართველოში არ გვინდა არალეგალები და კრიმინალები, რომლებიც ისეთ რამეებს სჩადიან, რომლებიც აღარ გვჭირდება საქართველოში"

2016 წელს გამართული რუსული მარშის ლოზუნგი "ძირს ოკუპაცია" იყო. ოღონდ, ეს ის ოკუპაცია არ გეგონოთ, ქართველებს რომ უკვე მრავალი წელია გვაწუხებს. რუსი ნეოფაშისტები ამბობენ, რომ იმიგრანტების სიმრავლის გამო, ისინი თავისივე ქვეყანაში თავს ოკუპირებულად გრძნობენ. ალბათ, თქვენც გაგახსენდათ ქართველი ნეოფაშისტების მთავარი მტკიცება, რომ "ჩვენივე ქვეყანაში თავს სტუმრად ვგრძნობთ".

კიდევ ერთი დიდი მსგავსება მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით საუბარია. იესო ქრისტეს გამოსახულებიანი დროშებით რუსი ნეოფაშისტები ადამიანების სიძულვილს ქადაგებენ და რუსული სისხლის განსაკუთრებულობაზე საუბრობენ. "ქართველთა მარშის" ორგანიზატორებიც სწორედ ასე მანიპულირებენ მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით.

ამასთან, რუსი და ქართველი ნეოფაშისტები ყველა ძირითად ღირებულებაზე თანხმდებიან, მაგალითად იმაზე, რომ ევროპა გარყვნილების ადგილია; მაგალითად, იმაზე, რომ სახლში ლგბტ ადამიანებს რაც სურთ, იმის კეთება შეუძლიათ და ამის გამო, მათ არავინ მიუვარდებათ, თუმცა ამის "პროპაგანდა" არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება; მაგალითად იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში უნდა აიკრძალოს.

ვინ არიან ქართველთა მარშის ორგანიზატორები?

ქართველთა მარშის ორგანიზატორები მოძრაობა "ეროვნულების" წევრები სანდრო ბრეგაძე, გია კორკოტაშვილი, ლადო სადღობელაშვილი და სხვები არიან. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ისინი "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებენ, 2012 წელს აქტიურად იდგნენ მათ გულშემატკივართა რიგებში. სანდრო ბრეგაძე კი, მოძრაობის მთავარი ლიდერი, "ქართული ოცნების" მთავრობაში დიასპორის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, ვიდრე უწყება გაუქმდებოდა. ბრეგაძე წარსულში ასლან აბაშიძის "აღორძინებაშიც" მოღვაწეობდა და მის ერთერთ გამორჩეულ თანამებრძოლად ითვლებოდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ, აბაშიძე რუსეთში გადაიხვეწა.

რაც შეეხება ლადო სადღობელაშვილს, მის შესახებ არაერთი ჭორი არსებობს, რომ ის სწორედ რუსეთისგან ფინანსდება, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს, ბევრს ვერაფერს ვიტყვით. ერთი რამ, რაც ცხადია, არის ის, რომ სადღობელაშვილმა თავი ლგბტ ადამიანების ჩაგვრით დაგვამახსოვრა. 2015 წელს "იდენტობის" წევრებზე თავდასხმისთვის ის დააკავეს კიდეც. ასევე, ის გამორჩეული ფიგურა იყო "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" მებრძოლთა რიგებშიც. დიდი ხნის განმავლობაში სრულიად გულწრფელად ითხოვდა პარტიის აკრძალვას ქვეყანაში.

საყურადღებო ფაქტია, რომ მიუხედავად ურაპატრიოტული ნარატივისა და საკმაოდ აქტიური მოღვაწეობისა, არცერთ მათგანს არასდროს რუსული აგრესია ღიად არ გაუპროტესტებია. მათი თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, სწორედ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პროვოცირებული იყო, რაც თავის მხრივ, ევროპისა და აშშ-ის ლიდერებისგან შეგულიანებამ გამოიწვია. ასევე, მათი მტკიცებით, ვინაიდან და რადგანაც რუსეთს ომით ვერ დავამარცხებთ, დაყვავების პოლიტიკას უნდა მივმართოთ და რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ.

"ქართველთა მარში" წელს პირველად ჩატარდება. მათი გაცხადებული მიზანი, როგორც უკვე აღვნიშნე, "არალეგალი იმიგრანტებისგან" ქვეყნის "გაწმენდაა". მათ ხელისუფლებას "ულტიმატუმი" წაუყენეს, რომ 14 ივლისამდე ყველა "არალეგალმა უცხოელმა" საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვოს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიცოცხლით სავსე ქალაქი" - კახა კალაძის საარჩევნო სლოგანი

კომენტარები