ადვოკატს არ აქვს ინფორმაცია, აღიარებს თუ არა ბრალს ოთარ აბესაძე

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ ოთარ აბესაძეს ბრალს ხვალ წარუდგენენ. ადვოკატი ირმა ჭკადუა მისი დაცვის ქვეშ მყოფის სანახავად სუს-ის შენობაში იმყოფებოდა. ჭკადუას თქმით, ოთარ აბესაძე "ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშაა და თავს შეუძლოდ გრძნობს". ადვოკატს ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, აღიარებს თუ არა ბრალს ოთარ აბესაძე. ადვოკატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში შესვლას ღამეც აპირებენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დღეს დააკავა. მას გამოძიება 3000 აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის მოთხოვნას და აღებას ედავება. აბესაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

ოთარ აბესაძის დაკავების შემდეგ, თბილისის მერიამ განაცხადა, რომ ის მათი უშტატო თანამშრომელი იყო. ამასთან, დედაქალაქის მთავრობა "სრული პასუხისმგებლობით" აცხადებს, რომ რეაგირების გარეშე არ დატოვებენ დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებს.

ოთარ აბესაძე ქართული ოცნების აქტიური წევრია 2012 წლიდან. ის ხელმძღვანელობდა კოალიცია ქართული ოცნების ახალგაზრდულ ორგანიზაციას და იკავებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩევლის პოსტს. 

კომენტარები