ვენესუელა

ვენესუელამ უკანასკნელი $10 მილიარდის ხარჯვა დაიწყო

ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო
ფოტო: Reuters

მსოფლიოში ნავთობის მარაგებით უმსხვილეს ქვეყანაში, ვენესუელაში უმძიმესი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისისა. ამას ისიც ამწვავებს, რომ ქვეყანა მის ხელთ არსებული ნავთობის მარაგების ათვისებას ვერ ახერხებს. მეათე წელია ნავთობის მოპოვება მცირდება, რადგანაც სახელმწიფო კომპნაიები, რომლებსაც საბადოები ეკუთვნის არასწორი მენეჯმენტისა და კორუფციის გამო სათანადო მოგებაზე ვერ გადიან.

CNN-ის ცნობით, ქვეყანაში ნავთობის მოპოვება 1989 წლის შემდეგ ასეთი შემცირებული არ ყოფილა (გარდა 2002 წლისა, როდესაც შემცირება მასობრივმა გაფიცვამ გამოიწვია). OPEC-ის მონაცემებით 2017 წლის პირველ ნახევარში ვენესუელამ წინა წელთან შედარებით 12%-ით ნაკლები ნავთობი გაყიდა.

ნავთობზე ვენესუელის ექსპორტის 95%-ზე მეტი მოდის. ნავთობის რეალიზაციით მიღებული თანხა სახელმწიფო კომპანიებიდან ბიუჯეტსა და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებში ხვდება. 2011 წელს ვენესუელას საერთაშორისო რეზერვები $30 მილიარდი იყო, ახლა კი ქვეყანამ უკანასკნელი $10 მილიარდის ხარჯვა დაიწყო.

ქვეყანას 2017 წლის მანძილზე $5 მილიარდი დოლარის საერთაშორისო კრედიტები აქვს დასაფარი, რაც მას დეფოლტის რისკის ქვეშ აყენებს. ამავდროულად, საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო S&P ქვეყნისთვის საკრედიტო რეიტინგის შემცირებას გეგმავს, რაც ქვეყნისთვის კრედიტის მოზიდვას კიდევ უფრო გააძვირებს.

ვენესუელურმა ბოლივარმა 2016 წელს 800%-იანი ინფლაცია განიცადა, 2017 წლის პროგნოზი კი დაახლოებით 1600%-ია. ვენესუელაში უკვე წლებია, რაც მთელ რიგ სამომხმარებლო პროდუქტებზე, როგორიცაა რძე, ხორცი, კვერცხი, დეფიციტი შეინიშნება. სამომხმარებლო საქონლის დეფიციტის მიზეზი საკანონმდებლო და არასაკანონმდებლო ბარიერებია, რომელთა გამოც ქვეყნის კერძო სექტორი ბაზარს სათანადო რაოდენობის პროდუქციით ვერ ამარაგებს. ვენესუელაში ისეთი პროდუქტების დეფიციტიც კი არსებობს, როგორიც ტუალეტის ქაღალდი და პრეზერვატივია.

2015 წელს ქვეყნის პრეზიდენტმა საკვების დისტრიბუციის სისტემის ნაწილობრივი ნაციონალიზაცია მოახდინა, სისტემას სამხედროები აკონტროლებენ. 2016 წლიდან მოსახლეობას დენი გრაფიკით მიეწოდება.

ვენესუელა დღეში დაახლოებით 1.9 მილიონ ბარელ ნავთბს მოიპოვებს, თუმცა ქვეყანა ნავთობის მოპოვების ამ მაჩვენებლით სათანადო მოგებას ვერ იღებს, რადგანაც ის საგარეო ვალის მომსახურებისთვის 0.7-0.8 მილიონ ბარელ ნავთობს სრულიად უფასოდ აწვდის მის მთავარ კრედიტრებს რუსეთსა და ჩინეთს. ამავდროულად, ქვეყანა კვლავ ინარჩუნებს შიდა მოხმარების ნავთობზე სუბსიდიებს.

ვენესუელაში დღეს მოსფლიოში ყველაზე იაფი საწვავია. ბაზარზე ერთი ლიტრი ბენზინის ფასი ფიქსირებულია და 5 ცენტს შეადგენს, რისი მიზეზიც 1998 წელს ვენესუელის მთავრობის მიერ ბენზინის ფასის სუბსიდირების შემოღებაა, რაშიც მთავრობა ყოველწიურად ნავთობის ექსპორტისგან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს იხდის.

ვენესუელა ნავთობის ახალ საბადოებსაც ვერ ითვისებს, რადგანაც ქვეყანას სათანადო ტექნიკური საშუალებები არ გააჩნია, ამ სერვისის წამყვან მიმწოდებლებთან (Baker Hughes, Halliburton და სხვა) კი ქვეყანას მრავალმილიონიანი გადაუხდელი დავალიანებები აქვს.

ვენესუელაში 2017 წლის გაზაფხულიდან ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, ქვეყნის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს უფლებამოსილების გაფართოებასა და პარლამენტის ფუნქციების შემცირებას აპროტესტებენ. პარლამენტში კი უმრავლესობა ოპოზიციას აქვს მოპოვებული.

გარდა ამისა, მადურომ საკონსტიტუციო ასამბლეის შეკრებაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუცია რეფერენდუმის ჩატარების გარეშე შეცვალოს, რამაც საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო გააძლიერა.

ცნობისთვის, სამთავრობო და ოპოზიციური ძალების დაპირისპირების შედეგად, უკანასკნელ თვეებში სულ მცირე 90 ადამიანი დაიღუპა, 1500-მდე ადამიანი კი დაშავდა.

კომენტარები