ბუნებრივი აირი

სემეკმა გაზის ტრანსპორტირების კომპანიას ტარიფი გაუზარდა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

სემეკმა დღეს მიღებული გადაწყვეტილებით სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ "გაზის ტრანსპორტირების კომპანიას" ტარიფი გაუზარდა, ეს კი ნიშნავს, რომ სახელმწიფო კომპანია ბუნებრივი აირის პირდაპირ მომხმარებლებსა და კერძო გამანაწილებლებს გაზს უფრო ძვირად მიაწვდის. 

ყველაზე მეტად ტარიფის ზრდა თბოსადგურებს შეეხო, თუკი ისინი გაზის ტრანსპორტირების კომპანიას ამ სერვისში 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე 9 ლარს უხდიდნენ ახლა მათ 18.8 ლარის გადახდა მოუწევთ. 

ჩვეულებრივ მომხმარებლებს (გამანაწილებელებს) კი გაზის ტრანსპორტირების საფასური 1000 კუბურ მეტრზე 5 ლარით გაეზარდათ. აქამდე მოქმედი ტარიფით 1000 კუბური მეტრის ტრანსპორტირების საფასური 13.8 ლარი იყო, განახლებული ტარიფით კი ის 18.8 ლარი გახდა. ახალი ტარიფი მომდევნო წლის მანძილზე იმოქმედებს. 

გაზის ტრანსპორტირების კომპანია "გაზისა და ნავთობის კორპორაციის" შემადგენლობაში შედის. ის მაგისტრალური გაზსადენების მეშვეობით ქვეყანაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს და მას გამანაწილებლებსა და თბოსადგურებს აწვდის. კომპანიის ხელმძღვანელობის შეფასებით, რომ არა ტარიფის მატება კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნებოდა. 

ჯერ-ჯერობით უცნობია როგორ აისახება ეს გაძვირება სამომხმარებლო ტარიფზე. სემეკმა ქვეყნის უმსხვილესი გაზგამანაწილებელი კომპანიების ტარიფების შესახებ ხვალ უნდა იმსჯელოს. მაღალი ალბათობით ტარიფი მათთვისაც შეიძლება გაიზარდოს, რაც ლარის გაუფასურებას უკავშირდება.

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ტარიფი შეიძლება გაიზარდოს, "აღნიშნული მატების მიზეზი კი მხოლოდ და მხოლოდ ლარის გაუფასურება შეიძლება იყოს". კალაძის თქმით, თუკი ტარიფები გაიზრდება, არაა გამორიცხული, რომ მთავრობამ მისი სუბსიდირების გადაწყვეტილებაც მიიღოს.

"ბუნებრივი აირი სრულად იმპორტირებულია და მისი საფასურის გადახდა ხდება უცხოურ ვალუტაში, დოლარებში ხდება მისი ყიდვა და საქართველოში ეროვნულ ვალუტაში ხდება მისი გასაღება, ასე რომ, არის შესაძლებლობა, რომ გაზის ტარიფი გაიზარდოს", - ამბობს კალაძე.

ქვეყანაში ბუნებრივი აირის ტარიფები 2005 წლის 31 დეკემბრის შემდგომ არ გადახედილა. ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით სემეკი გაზის ტარიფის ყოვეწლიურ გადახედვას დაიწყებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზაზა ურუშაძე

კომენტარები