ქართული ოცნება

ქართული ოცნება ენმ-ის წევრზე თავდასხმაზე: შსს-მ დროული რეაგირება უნდა მოახდინოს

41.ge

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელზე თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და შსს-ს მიმართავს.

"ვინც არ უნდა იყოს დაპირისპირების მხარე, ძალადობის ყოველგვარ ფაქტს კატეგორიულად ვგმობთ.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სამართალდარღვევის ფაქტზე დროული რეაგირება მოახდინონ. ასევე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, მსგავსი ფაქტები პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ" - აცხადებს ქართული ოცნება.

ცნობისთვის, ახალციხეში, სოფელ ურაველში ენმ-ის კოორდინატორს და მისი ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბეგლარ კაპანაძე რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, რომ მათ ავტომობილებით გზა გადაუკეტეს და მანქანიდან გადასვლა აიძულეს. კაპანაძის თქმით, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რუსთავი 2-ის ცნობით, დაზარალებულებს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ. 

ბეგლარ კაპანაძის მტკიცებით, თავდამსხმელები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ამ დრომდე უცნობია, გამოძიებამ დაკითხა თუ არა დაზარალებულების მიერ დასახელებული პირები. 

კომენტარები