ჯონ მაკკეინი

ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე დაუდგინდა

ამერიკელ სენატორს ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე, გლიობლასტომა დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ The Washington Post-ი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მაკკეინს მარცხენა საფეთქელთან მქონე არხიდან უკვე ამოუღეს შედედებული სისხლი და დაზიანებული ქსოვილი.

როგორც ამერიკული მედია წერს, 80 წლის სენატორი 3-საათიანი ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს და მისი მდგომარეობა არ გაუარესებულა. მაკკეინი მკურნალობას სახლში სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობს.

სულ რაღაც ერთი კვირის წინ მაკკეინი პირად ექიმთან შემოწმებაზე მივიდა ისე, რომ არც კი ვარაუდობდა სიმსივნის არსებობას. ამერიკული მედიის ცნობით, ის შეუძლოდ ყოფნას გადაღლილობასა და ბოლო პერიოდში მოგზაურობას აბრალებდა.

ჯონ მაკკეინს ჯერ კიდევ 2000 წელს დაუდგინეს კანის კიბო, რისგანაც სენატორმა განკურნება შეძლო, თუმცა ტვინის სიმსივნის კერა სწორედ იმ ადგილთანაა ახლოს, სადაც მას კანის კიბო ჰქონდა.

ჯონ მაკკეინი იბრძოდა ვიეტნამის ომში, 1987 წლიდან კი აშშ-ის სენატში არიზონას შტატს წარმოადგენს. 2008 წელს რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობაზე იყარა კენჭი, თუმცა როგორც მოგეხსენებათ, დემოკრატ ბარაკ ობამასთან დამარცხდა.

მაკკეინს სრულიად სამართლიანად მიიჩნევენ საქართველოს დიდ მეგობრად, რადგან ის რუსეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა და ამასთან საერთაშორისო საზოგადოებაში მუდმივად ლობირებს საქართველოს. სენატორი თბილისში არაერთხელ ყოფილა სტუმრად. ბოლო ვიზიტი 2017 წლის იანვარში შედგა.

კომენტარები