IDFI

IDFI: მაღალი დონის კორუფცია მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოში

0 კომენტარი
ფოტო: Shutterstock

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) განცხადებით, მაღალი დონის კორუფცია კვლავაც რჩება საქართველოში მნიშვნელოვან გამოწვევად, პრობლემის აღმოსაფხვრელად კი, ხელისუფლებას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას სთავაზობს. ამის შესახებ ინსტიტუტი დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერს. 

მათი განცხადებით, საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე მოქმედი ხელსიუფლების მიერ კომპლექსური (მაგალითად, მაღალი დონის) კორუფციული დანაშაულების გამოვლენის შემთხვევები ფაქტობრივად არსებობს. ამასთან, საგამოძიებო ორგანოები სხვა სუბიექტების, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია, გამოვლენილ შემთხვევებზეც არ ახდენენ სათანადო რეაგირებას. IDFI-ის ცნობით, მაღალი დონის კორუფციული დანაშაულები მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გამოვლინდება ხოლმე, თუმცა ასეთი შემთვხვების გამოძიებასაც კი, ხშირად თან ახლავს პროცედურული დარღვევები, რაც მათივე თქმით, პოლიტიკური მოტივაციის ეჭვებს აჩენს. 

IDFI-ის ცნობით, დღეს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ უწყებებთან დაკავშირებით, შემდეგი ხარვეზები არსებობს:

  • დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფლების ნაკლებობა;
  • დაბალი საზოგადოებრივი ნდობა (ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ღიაობა);
  • ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის დაბალი ხარისხი;
  • არასაკმარისი მატერიალური რესურსები და სპეციალიზებული პერსონალი.

"კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უწყებების დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს და შესაბამისად მაღალ საზოგადოებრივ ნდობას. საქართველოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ არსებულ კორუფციასთან მებრძოლ უწყებებში სწორედ მათი დამოუკიდებლობის საკითხია ყველაზე პრობლემური. ხოლო, ბოლო ცვლილება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა 2015 წელს, ანტიკორუფციული ფუნქციების სუსი-სთვის მინიჭებით, შეფასებულია, როგორც საფრთხის შემცველი რეფორმა. შესაბამისად, საქართველოში არსებული მდგომარეობისა და ხარვეზების აღმოფხვრის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაარის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა,"- წერს IDFI.

IDFI საქართველოს ხელისუფლებას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:

  1. შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური;
  2. დაიწყოს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის შესახებ მსჯელობა ღია მმართველობასაქართველოს ფორუმის ფარგლებში;
  3. დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის ფუნქციებად განისაზღვროს:
     

    კორუფციის პრევენცია;

    კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა;

    ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავება;

    თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგი;

    მამხილებელთა დაცვა;

    პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგი;

    კორუფციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისა და განათლების პოლიტიკის დაგეგმვა;

  4. განისაზღვროს სამსახურის დამოუკიდებლობისთვის საჭირო გარანტიები.

იხილეთ IDFI - ის მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი სრულად ამ ბმულზე. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები