რუსთავი 2-ის საქმე

MOF: გვარამიას განცხადება სიცრუეა, ინფორმაცია დავალიანების შესახებ საიდუმლოება არაა

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ დღეს გაკეთებულ საგანგებო განცხადებას პასუხობს. შემოსავლების სამსახურის განცხადებით გვარამიას განცხადება, თითქოს ფინანსთა მინისტრმა კომპანიის შესახებ ფინანსური საიდუმლოება გაამჟღავნა სიცრუეა, რადგანაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით აღნიშნული ტიპის ინფორმაცია საიდუმლოებას არ განეკუთვნება:

"ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ 21 ივლისს ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის 1¹ ნაწილის "კ" ქვეპუქტის თანახმად: საგადასახადო საიდუმლოებას არ განეკუთვნება და საჯაროა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია. ამდენად, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებული კომენტარი იმის შესახებ, რომ კომპანიას აქვს საგადასახადო დავალიანება, არ წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოს და ამდენად, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული შეფასება არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა", - წერია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

დიმიტრი ქუმსიშვილმა თქვა, რომ ტელეკომპანიას სახელმწიფოს წინაშე დავალიანება დღემდე გააჩნია და რომ "მიმდინარეობს არააქტიური მოლაპარაკება ამ დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით". ამ განცხადების საპასუხოდ ნიკა გვარამიამ ფინანსთა მინისტრი კომერციული საიდულოების გამხელაში დაადანაშაულა.

ის რომ ტელეკომპანიას სახელმწიფოს წინაშე ფინანსური დავალიანებები გააჩნია წარსულში თავად ნიკა გვარამიამაც განაცხადა. "ერთი თვეა, რაც რუსთავი 2-მა ვერ შეძლო დეკლარირებული გადასახადი სახელწიფო ხაზინაში ჩაერიცხა"- თქვა გვარამიამ 2016 წლის 29 დეკემბერს.

რუსთავი 2-ის აქტივები 2015 წლის 5 აგვისტოს შემდეგ დაყადაღებულია. ყადაღის გამო რუსთავი 2-ს რიგი ფინანსური შეზღუდვების პირობებში უწევს საქმიანობა. კომპანიას კომერციული ბანკებიდანაც არ შეუძლია კრედიტის მოზიდვა.

2017 წლის 31 მაისს ნიკა გვარამიამ თქვა, რომ თუ ტელეკომპანიაში ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებას ვერ შეძლებდა ის თანამდებობას დატოვებდა. ფინანსური პრობლემების გამო რუსთავი 2-ში გაზაფხულზე რეორგანიზაცია დაიწყო.

კომენტარები