სტრასბურგის სასამართლო

ბოკერია: ქართული ოცნება, კერძოდ წულუკიანი, მრავალმხრივ ზიანს აყენებს საქართველოს

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ჩაგდებას აფასებს და ამბობს, რომ ქართული ოცნება, კერძოდ წულუკიანი, მრავალმხრივ ზიანს აყენებს საქართველოს. მისივე თქმით, ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად "ქაღალდზე უცოდინრები" და შევარდნაძისდროინდელი კორუმპირებული პოლიტიკოსები წარადგინეს.

"როგორც ყოველთვის, ქართული ოცნება, ივანიშვილის გუნდი, კერძოდ მინისტრი წულუკიანი მრავალმხრივ ზიანს აყენებს საქართველოს. იმ სტურქტურაში, რომელიც მთავარი გარანტი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვის, იმ თანამდებობაზე, რომელიც უნდა იყოს ევროპის სასამართლოში ჩვენი სახე, წარადგენენ აბსოლუტურად არაკომპეტენტურ კანდიდატებს - არსებითად უცოდინარს კი არა, ქაღალდზე უცოდინარს, CV რომ არ აქვთ ისეთი, რომ წარდგენა შეიძლებოდეს; ან წარადგენენ შევარდნაძისდროინდელ კორუმპირებულ, დისკრედიტირებულ პოლიტიკურ მარიონეტებს.

ერთი მხრივ, ცდილობენ, რომ ზიანი მიაყენონ ჩვენნი მოქალაქეების უფლებების დაცვის მთავარ გარანტს, დაასუსტონ ეს ორგანო. მეორე მხრივ, უკვე მერამდენედ აყენებენ სამარცხვინო მდგომარეობაში საქართველოს", - ამბობს გიგა ბოკერია.

ბოკერიას თქმით, უტიფრობაა, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ მოსამართლეობის სამი ისეთი კანდიდატი ვერ იპოვა, რომლების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდნენ.

"საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ზედიზედ მეორედ სამი კანდიდატი ვერ იპოვა, რომელიც ფორმალურად დააკმაყოფილებდა მოსამართლეობის კანდიდატის კრიტერიუმებს. ეს არის ივანიშვილის გუნდის სახე. როგორც შეიძლება რამის იმედი გვქონდეს ამ გუნდისგან რომელიც ასე იქცევა ამ საკითხში. ამ ყველაფრის შემდეგ მინისტრი წულუკიანი უტიფრად მოგვასაღებს წარმატებად. ამიტომ, ივანიშვილის გუნდი იმსახურებს ყველა ლეგიტიმური მეთოდით, რომ ჩვენმა საზოგადოებამ მას საკადრისი პასუხი გასცეს ამ უტიფრობისთვის. თვითმმართველობის არჩევნები არ ეხება საერთაშორისო საკითხებს, თუმცა, ვალდებულები ვართ, ყველას ვუთხრათ, რომ ამ უტიფრობას მათგან აღარ მივიღებთ", - თქვა გიგა ბოკერიამ.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად დღეიდან ახალი, უკვე მესამე კონკურსი ცხადდება. წარდგენილი სამი კანდიდატიდან სტრასბურგმა ორი კვლავ დაიწუნა, სოფო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე კონკურსს გამოეთიშნენ. შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ლადო ჭანტურია გადავიდა.  იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, გეწაძე და ჯაფარიძე ასაკის და შესაბამისად მოსამართლედ მუშაობის გამოცდილების გამო გამოეთიშნენ კონკურსს.

კომენტარები