საქართველოს პარლამენტი

კობახიძე დოლიძეს: თქვენ საჯარო მოხელე ხართ და პოლიტიკოსთან პოლემიკაში ნუ შედიხართ

0 კომენტარი

პარლამენტში მიმდინარე რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ანა დოლიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დოლიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ თვითმმართველობის კოდექსზე პრეზიდენტის მოტივიერებულ შენიშვნებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძის გამოსვლა "თავდასხმებით, შეურაცხყოფებით, დაუმსახურებელი და ღირსებას მოკლებული კრიტიკით იყო სავსე".

"ქალბატონო ანა, თქვენ ხართ საჯარო მოსამსახურე და შესაბამისი ეთიკის ნორმები უნდა დაიცვათ, რაც შეეხება შეურაცხყოფებს, მაგალითები უნდა მოიყვანოთ" - მიმართა კობახიძემ დოლიძეს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა საუბარი გააგრძელა და აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარისგან პრეზიდენტის ადმინისტრაცია "მსგავსი ტიპის დისკურსს" მიჩვეულია და ამიტომ, "ბუნებრივია, არ ავყვებით".

ამის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ანა დოლიძე საჯარო მოხელეა და პოლიტიკოსებზე არ უნდა ისაუბროს.

"პოლიტიკურ პოლემიკაში თქვენ არ შეიძლება, შემოხვიდეთ. პოლიტიკური პასუხები პრეზიდენტის პრეროგატივაა, ის არის პოლიტიკოსი თქვენგან განსხვავებით" - მიმართა კობახიძემ დოლიძეს, რომელმაც უპასუხა, რომ ის არის პრეზიდენტის წარმომადგენელი პარლამენტში.

"თქვენ მიერვე მიღებული კანონმდებლობით, მე გახლავართ პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც ინიშნება და თავისუფლდება პრეზიდენტის მიერ. თქვენივე რეფორმის შედეგად, თქვენ ამოიღეთ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საჯარო მოსამსახურეთა სიის ჩამონათვალიდან" - ამბობს ანა დოლიძე, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, ეს ტყუილია და "საჯარო მოხელე რომ პოლიტიკოსთან პოლემიკაში არ უნდა შევიდეს, ეს არის პოლიტიკური თეორიის ანა-ბანა".

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის და საარჩევნო კოდექსზე დადებულ პრეზიდენტის სამ ვეტოს განიხილავენ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მასტერი

კომენტარები