მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: მე უკრაინაში ჩასვლის კანონიერი უფლებისთვის ვიბრძოლებ

Ukraine Today

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინაში ჩასვლის კანონიერი უფლებისთვის ბრძოლას აპირებს. ამის შესახებ სააკაშვილმა Facebook-ის საშუალებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

"მე ერთი მოქალაქეობა მაქვს - უკრაინული და ისინი ვერ შეძლებენ ამის წართმევას. ხელისუფლება ცდილობს, მაიძულოს დევნილის სტატუსი მივიღო ან მოვითხოვო, ეს არ მოხდება. პოროშენკომ ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მალულად, ჩემი ქვეყანაში არ ყოფნის დროს გადაწყვიტა. როგორც კი მათ დაინახეს, რომ ჩვენ ვერთიანდებით, რათა შემოდგომაზე ქუჩებში გამოვსულიყავით და მათი ოლიგარქიული შეთანხმება დავასრულოთ, შიშმა სძლია საღ გონებას", - ამბობს სააკაშვილი.

სააკაშვილის თქმით, პოროშენკო საქართველოში არა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების მიზნით ჩავიდა, არამედ მორიგი შეთანხმების დასადებად.

"პოროშენკო საქართველოში მორიგი შეთანხმებისთვის იმყოფებოდა, ამჯერად ორ ოლიგარქიულ რეჟიმს შორის, უკრაინული პოროშენკოსა და გაზპრომის უდიდესი აქციონერის, პრო-რუს ივანიშვილს შორის. მათ მოიგონეს, თითქოს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოდან ჩემს შესახებ ახალი ინფორმაცია მიიღო. ეს მორიგი ტყუილია, რადგან მას შემდეგ, რაც მე უკრაინის მოქალაქეობა მივიღე, საქართველოში ჩემს წინაარმდეგ არცერთი საქმე აღძრული არ ყოფილა. ის გამოგონილი საქმეები კი, არცერთმა ქვეყანამ, საქართველოს გარდა, არ აღიარა", - თქვა სააკაშვილმა.

გარდა ამისა, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის ბრძოლას აუცილებლად გააგრძელებს.

"2 დღის წინ პრეზიდენტმა, რომელზეც ოდესღაც მაიდანი იმედებს ამყარებდა, შეცვალა მოქალაქეობის კომისიის შემადგენლობა. ახალი ხალხი შეიყვანა და ეს მარიონეტული კომისია მზად იყო პოროშენკოს ნებისმიერი მოთხოვნა შეესრულებინა. ამ ბრძანებით თქვენ ხელი მოაწერეთ თქვენი ხელისუფლების გარდაუვალ დამარცხებას. მე უფრო დიდი უკრაინელი ვარ, ვიდრე ახლანდელი დეპუტატების უმრავლესობა და ყველაფრის მიუხედავად, აქ, ჩვენს უკრაინაში, ბრძოლას გავაგრძელებ", - თქვა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინული პასპორტი გუშინ ჩამოერთვა. ამის მიზეზი "უკრაინის მოქალაქეობის შესახებ" კანონის მე-9 მუხლის დარღვევა გახდა, რაც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოქალაქეობის მიღებას გულისხმობს.

კომენტარები