ხანძარი ბავშვთა სამყაროში

სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის ბავშვთა სამყაროს დირექტორი დააკავეს

ტაბულა

საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით ბავშვთა სამყაროს დირექტორი გიორგი მაჭავარიანი, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე - შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მ.თ დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისა და სამსახურებრივად პასუხისმგებელი პირის გულგრილობის გამო, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ადეკვატური რაოდენობის ძალებისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა ხანძრის ლოკალიზება „ბაზრობა ნიუ მოლი“-ს სრული ფართობის ნაწილში და ჩაქრობა. შედეგად, ხანძარი გავრცელდა „ბაზრობა ნიუ მოლი“-ს მთელ ტერიტორიასა და სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში, რამაც ხსენებული შენობების, მათში არსებული სარეალიზაციო საქონლისა და ინვენტარის განადგურება გამოიწვია" - აცხადებს პროკურატურა.

გ.მ. დააკავეს საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მეორე ნაწილით, ხოლო მ.თ. საქართველოს სსკ-ის 2201 მუხლის მეორე ნაწილით. მათ ბრალი საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში წარედგინებათ, რის შემდგომაც საქართველოს  პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიმართავს.

ს.ს. სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს შენობის ნაწილს (ე.წ. „ბაზრობა ნიუ მოლი“) ცეცხლი 2017 წლის 30 იანვარს გაუჩნდა.

კომენტარები