მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობა

სააკაშვილი: საბუთზე, რომლის გამოც მოქალაქეობა ჩამომერთვა, ხელმოწერა გაყალბებულია

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ საბუთზე, რომელზე დაყრდნობითაც პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, მისი ხელმოწერა გაყალბებულია.

"შოკში ვარ! ახლახანს დავაკვირდი ანკეტის ასლს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთერთმა ლიდერმა გამოაქვეყნა. ამ ფურცელზე დაყრდნობით ჩამომართვა პრეზიდენტმა [პეტრო პოროშენკო] მოქალაქეობა. აქედან გამომდინარე, მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ჩემი ხელმოწერა არ არის და ანკეტა მე არ შემივსია! მოვითხოვ, დაუყონებლივ ჩატარდეს გრაფიკული ექსპერტიზა, საქმე გვაქვს დანაშაულთან! ახლა თქვენ უკვე ხვდებით, რამდენად მომრავლდნენ ხელისუფლებაში თაღლითები!" - წერს მიხეილ სააკაშვილი. 


ექსპრეზიდენტის პოსტს თან ახლავს საბუთის ფოტო, რომელზეც მისივე თქმით, ხელმოწერა გაყალბებულია.

ნახეთ მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ხელმოწერა



საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვეს.

პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიანიჭა, რა დროსაც, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. ის მალევე ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. 2016 წლის ნოემბერში სააკაშვილმა თანამდებობა დატოვა და პეტრო პოროშენკოს ოპოზიციაში გადავიდა. 

მაისში სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოროშენკოს მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა და ამისთვის იურიდიულ საბაბს ეძებდა.

"დადასტურებულად ვიცი, რომ გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა და პოროშენკომ მისცა დავალება თავის სამსახურებს, რომ მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში მოიპოვონ ისეთი მასალები, რომელთა საფუძველზე მე და დავით საყვარელიძეს ჩამოგვართმევენ უკრაინის მოქალაქეობას",- თქვა სააკაშვილმა. 

კომენტარები