საკონსტიტუციო ცვლილებები

რელიგიათა საბჭოს წევრები: არ გადადგათ ნაბიჯი რელიგიის თავისუფლების ხელყოფისკენ

0 კომენტარი
რელიგიათა საბჭო ფოტო: tolerantoba.ge

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტში გათვალისწინებულ იმ დებულებებს ეხმაურებიან, რომლებიც რწმენის, სინდისის და აღმსარებლობის თავისუფლებას და მათ შეზღუდვას შეეხება.

"როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიღებულ რედაქციაში, აღმსარებლობის თავისუფლების დაცვის მუხლს დაამატა და გააფართოვა დაცულ სფეროში ჩარევისა და შეზღუდვის საფუძვლები. თუკი მოქმედი კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას მხოლოდ სხვათა უფლებების დასაცავად ითვალისწინებდა, წარმოდგენილ პროექტში მას დაემატა ისეთი საფუძვლები, როგორიცაა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დანაშაულის თავიდან აცილება, ჯანმრთელობის დაცვა და მართლმსაჯულების განხორციელება.

მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კრიტერიუმები რელიგიის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის საფრთხეს წარმოშობს. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ისეთი საფუძვლების დამატება, როგორებიცაა სახელმწიფო უსაფრთხოება, დანაშაულის თავიდან აცილება და მართლმსაჯულების განხორციელება. დასახელბული კრიტერიუმები არ არის განჭვრეტადი და წარმოშობს მაღალ რისკს, რომ მათი გამოყენება შესაძლოა არ ემსახურებოდეს ლეგიტიმურ და დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისთვის აუცლებელ მიზნებს" - აცხადებენ რელიგიათა საბჭოს წევრები და აღნიშნავენ, რომ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ამგვარ საფუძვლებს არ უშვებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი და ევროპული კონსტიტუციების აბსოლუტური უმრავლესობა.

"როდესაც ვსაუბრობთ რწმენისა და აღმსარებლობის კონსტიტუციით შეზღუდვის საფრთხეებზე, ვითვალისწინებთ იმ მრავალწლიან გამოწვევებსა და ბარიერებს, რომლებსაც რელიგიური გაერთიანებების დიდი ნაწილი ვაწყდებით საქართველოში. ჩვენ არაერთხელ გავმხდარვართ ჩვენი რწმენის გამოხატვის შეზღუდვის, ძალადობისა და შეუწყნარებელი დამოკიდებულების მსხვერპლნი. ქვეყნის უზენაეს კანონში კი უფლების შეზღუდვის ბუნდოვანი და არაგანჭვრეტადი საფუძვლების დამატებით, შესაძლოა, აღმოვჩნდეთ იმ გამოწვევის წინაშე, რომ ძირითადი კანონის, კონსტიტუციის საფუძველზე, რელიგიური გაერთიებების უფლებათა არამართლზომიერ შეზღუდვას მიეცეს ლეგიტიმაცია.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვას ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუარესება და არ გადადგას ნაბიჯი დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედის - რელიგიის თავისუფლების ხელყოფის სასარგებლოდ" - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი გაერთიანებები: ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის ადმინისტრაცია, სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია, ეზიდთა სასულიერო კრება, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, სახარების რწმენის ეკლესია (ორმოცდაათიანლები), ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, სომეხთა კათოლიკე ეკლესია, ქართველ მუსლიმთა კავშირი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო, მეშვიდე დღის ქრისტიან ადვენტისტთა ეკლესია, ევანგელური ეკლესია სიცოცლის სიტყვა, ხსნის არმია, წმიდა სამების პროტესტანტული ეკლესია, ევანგელური ეკლესია ურყევი საფუძველი, სვედენბორგიანული საზოგადოება საქართველოში, მეგობართა საზოგადოება - კვაკერები, საქართველოს კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება, დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია და ქრისტიანულ-პროტესტანტული ეკლესია „ქრისტეს ეკლესია“.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები