არჩევნები 2017

კალაძე: ანბანი ქალაქის დიზაინის ნაწილად უნდა იქცეს, ფერთა შეხამება განისაზღვროს

ტაბულა

"ქალაქის დიზაინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად უნიკალური ქართული ანბანიც უნდა იქცეს", - ამბობს ქართული ოცნების მერობის კანდიდატი კახა კალაძე.

კალაძე გამოდის ინიციატივით დაწესდეს ქალაქში ფერთა შეხამების კრიტერიუმები, განისაზღვროს და მოხდეს კოდიფიცირება თითოეული ქუჩის და უბნის ესთეტიკის და დადგინდეს აბრებზე შრიფტების ერთიანი სტანდარტები. ამის შესახებ კალაძემ მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში თქვა:

"მინდა ყურადღება გავამახვილო ჩვენი დედაქალაქის ვიზუალურ სტანდარტზე, უფრო სწორედ კი ამ სტანდარტის არარსებობაზე, იმიტომ რომ იგი არასდროს შემუშავებულა. რატომ მოგვწონს ისეთი ევროპული ქალაქები, როგორიც არის მაგალითად პარიზი, მილანი, ლონდონი? იმიტომ რომ ნებისმიერ თანამედროვე, ცივილიზებულ ქალაქს გააცნია დიზაინის სტანდარტი. ეს ნიშნავს ქალაქის საერთო ესთეტიკის, მისი უბნების, ქუჩების საერთო ესთეტიკის სტანდარტიზაციას. ფერთა შეხამების მკაფიო განსაზღვრებას, აბრების შეხამების წესებს, ქალაქის შრიფტების განსაზღვრას და ზოგადად ესთეტიკური მხარის მოწესრიგებას, ჰარმონიზაციას.

ქალაქის დიზაინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად უნიკალური ქართული ანბანიც უნდა იქცეს.

ეს აბრები, მანიშნებლები, სტიქიურად ათვისებული ტროტუარები, ვიტრინები, უკონტექსტო დიზაინი - ამ ყველაფრის სასწრაფო მოწესრიგება ხელს შეუწყობს ქალაქის ტურისტული და ბიზნესმიმზიდველობის ზრდას. სწორედ ასეთი, თანამედროვე მიდგომებით, უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტების ჩართვითა და მსოფლიოს გამოცდილების გათვალისწინებით უნდა წარმოვაჩინოთ თბილისი, როგორც სიცოცხლით სავსე ქალაქი", - ამბობს კალაძე.

კომენტარები