აგვისტოს ომი

საგარეო: პუტინის აფხაზეთში "ვიზიტი" საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არღვევს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აგვისტოს ომის წლისთავზე რუსეთის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში "ვიზიტი” საქართველოს წინააღმდეგ მოსკოვის გამიზნული პოლიტიკის გაგრძელებაა. უწყების შეფასებით, "მსგავსი ცინიკური ქმედება ემსახურება სამხედრო აგრესიის, ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის გზით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას რუსეთის მხრიდან". საგარეო აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯით კრემლი ასევე უშედეგოდ ცდილობს თავისი საოკუპაციო რეჟიმების მხარდაჭერასა და ლეგიტიმაციას.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით რუსეთის პრეზიდენტის “ვიზიტს” ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს მოსკოვის აგრესიულ ნაბიჯებს და ქმედითი ზომები მიიღოს, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება." - ნათქვამია განცხადებაში.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 9 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს ვლადიმირ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთს ესტუმრება და რაულ ხაჯიმბას შევხდება. 

კომენტარები