აგვისტოს ომი

საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს

facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვლმა და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ტელეფონით ისაუბრეს.  

"სატელეფონო საუბრისას, რომელიც პეტრო პოროშენკოს ინიციატივით შედგა, უკრაინის პრეზიდენტმა აგვისტოს ომიდან 9 წლის შემდეგ, პირადად მისი და სრულიად უკრაინის სახელით ქართველ ხალხს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

როგორც პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, ორი ქვეყნის ერთობლივი ბრძოლა უსამართლობისა და აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც კოორდინირებულად მიმდინარეობს წარმატებით დასრულდება" - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მათივე ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ მისი ემოციური  დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, საქართველოში ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა.

"მას სჯერა, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა თავის შედეგს გამოიღებს.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ კოლეგას თანადგომისთვის, ხაზი გაუსვა  სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და უკრაინელ ხალხს გმირულ ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადა" - ნათქვამია განცხადებაში.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 9 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები