დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

პროკურორი: გვჯერა, რომ მოსამართლე გიორგი მამალაძის ბრალეულობაში დავარწმუნეთ

საქართველოს პროკურატურა

ე.წ ციანიდის საქმის პროკურორი დარწმუნებულია, რომ მოსამართლე დეკანოზ გიორგი მამალაძეს დამნაშავედ ცნობს. ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე წაიკითხა.  

“გამოვიკვლიეთ უტყუარი მტკიცებულებები, დავკითხეთ 100-ზე მეტი მოწმე, გამოვიკვლიეთ 10 ტომი წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები, დავკითხეთ ექსპერტები, ასევე, ექსპერტიზის შედეგად აღდგენილი იქნა აუდიო-ვიდეო ჩანაწერები და სხვადასხვა სახის დოკუმენტები. ეს გახლავთ უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა გათვალისწინებით, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დავარწმუნეთ მოსამართლე გიორგი მამალაძის ბრალეულობაში და ვარწმუნებთ საზოგადოებასაც, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე აუცილებლად დადგება გამამტყუნებელი განაჩენი. გიორგი მამალაძე ცნობილი იქნება დამნაშავედ, როგორც ანგარებით მკვლელობის მომზადებაში, ისე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში,“ - განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით კი, მამა გიორგის ბრალეულობა ვერცერთი მოწმის ჩვენებით ვერ დასტურდება.

“რა მტკიცებულებებიც არის საქმეში, მე შემიძლია გითხრათ, რომ ის 10-ტომეული არის ცარიელი მაკულატურა, არაფერი მაგით არ მტკიცდება. რაც შეეხება მოწმეების დაკითხვის პროცესს და მათ ჩვენებებს, ვერცერთი მოწმის ჩვენებით ვერ დასტურდება წარდგენილი ბრალის საფუძვლიანობა და არგუმენტაცია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ყველაფერი არის ყველანაირი სამართლებრივი სივრციდან გასული. ვერცერთი ე.წ.დაზარალებული და ე.წ. მოწმეები, ოქროს მოწმის ჩვენებითაც კი ვერ დასტურდება ის, რომ თითქოსდა დანაშაული მზადდებოდა. მამა გიორგის წინააღმდეგ გარკვეული პროვოცირებული ქმედება განხორციელდა,“ - აღნიშნა რამიშვილმა.  

დაცვის მხარეს დღევანდელ პროცესზევე უნდა წაეკითხა საბოლოო სიტყვა, თუმცა მათ სიტყვის მოსამზადებლად გონივრული ვადა ითხოვეს. ადვოკატების შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე საბოლოო სიტყვას 1 სექტემბერს წაიკითხავს, რის შემდეგაც, მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავა. 

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. მას პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლის მცდელობას ედავებიან. დეკანოზს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები